მარცვლეულის შეთანხმება

პუტინი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე კვლავ უარს ამბობს

Pavel Bednyakov / AFP / Getty Images

პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე უარს ამბობს. 

პუტინი, რომელიც დასავლურ სახელმწიფოებს შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, აღნიშნავს, რომ მოსკოვი რესურსების გადანაწილების უფრო სამართლიან სისტემის მიმართავს. 

"მომავალი სამი ან ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ მზად ვიქნებით მივაწოდოთ ბურკინა ფასოს, ზიმბაბვეს, მალის, სომალის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და ერითრეას 50 000 ტონამდე მარცვლეული. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ტვირთის უფასო გადაზიდვას". - თქვა პუტინმა.

როგორც POLITICO წერს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქვეყნის სამხრეთის ოკუპაციის დროს რუსეთი სისტემატურად იპარავდა უკრაინულ მარცვლეულს, ხოლო მოსკოვის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის ძალებმა სოფლის მეურნეობის მაღაზიებზე იერიშების მიტანა დაიწყეს. კიევის მტკიცებით, შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

27 ივლისს აფრიკის კავშირმა მოსკოვს მოუწოდა, აღედგინა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომლის შექმნის მიზანი უკრაინული და რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გლობალურ ბაზარზე უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფაა. 

"მარცვლეულისა და სასუქების პრობლემა ყველას ეხება. ამაზე ვისაუბრებთ სანქტ-პეტერბურგში, ამ საკითხს განვიხილავთ პუტინთან, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს შეთანხმება". - თქვა რუსულ სამთავრობო მედიასთან კომორის კუნძულების პრეზიდენტმა, აზალი ასუმანმა, რომელიც 55-წევრიან აფრიკულ კავშირს ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები