რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 23 ჩამოვაგდეთ

ხარკოვი, 2024 წლის 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 5 მაისს, აღდგომის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან, 23 განადგურებულია.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსული შაჰედის ტიპის დრონები ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

ქალაქ დნეპრში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები, ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დრონების იერიშის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 2015 წელს დაბადებული გოგონა.

ხერსონის თავზე ჩამოგდებულია ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, დაზარალებულთა შესახებ ცნობა არ არის.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები