ოპოზიციური გაერთიანება

კობერიძე: გაერთიანებაზე საუბარს არ გამოვრიცხავ დროასთან, ლელოსთან, ევროპულ საქართველოსთან

ფოტო: თბილისის საკრებულო

გირჩი – მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის თქმით, პარტია არ გამორიცხავს გაერთიანებაზე კონსულტაციებს დროასთან, ლელოსთან და ევროპულ საქართველოსთან. კობერიძის თქმით, გირჩი – მეტი თავისუფლება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, სტრატეგია აღმაშენებელთან ან პარტიასთან საქართველოსთვის გაერთიანებას არ განიხილავს.

"მე ვამბობ რომელ პარტიებთან არ გამოვრიცხავ ამაზე [გაერთიანებაზე] კონსულტაციას და საუბარს. ცხადად, ეს არის დროა, ლელო, ჩემთვის ცხადად არის ევროპული საქართველო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ევროპულ საქართველოს და თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებებსაც ვაკვირდები და მას ეს კატეგორიულად არ უნდა. მე მაქვს იდეოლოგიური კვეთა ბევრ საკითხთან მიმართებით, მემარჯვენე პარტიაა. მათ შორის, რაიმე გაერთიანება თუ იქნება და ბევრი სუბიექტი თუ იქნება, ჩემთვის ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა, მე ვინმეს ადვოკატი ვერ ვიქნები". – თქვა კობერიძემ მთავარი არხის ეთერში.

20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამრჯვების პლატფორმა შექმნეს. ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შეუერთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ "თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან.

პოლიტიკური გაერთიანების შექმნის იდეას სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მანამდე სტრატეგია აღმაშენებლთან ალიანსში მყოფი დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაში ვაშაძე თავის თავს ხედავს ენმ-სთან, დროა კი – არა".

პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინი არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდებიან.

კომენტარები