ოპოზიციური გაერთიანება

ჩარკვიანი ბოკერიაზე: დიახ, ამ გარიგებაზე ვსაუბრობდით ქართულ ოცნებასთან

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. 

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ეს გარიგებაა, რომელიც ბოკერიამ ქართულ ოცნებას შესთავაზა. 

"ჩვენ ზუსტად ის გვინდა, ის ცვლილება გვინდა, შემოვიტანოთ, რომ კანონი იყოს უზენაესი. რას ნიშნავს რევანში? არც არავინ ფიქრობს რევანშზე, პირიქით ჩვენ გვინდა, რომ კანონი იყოს უზენაესი და კანონი დაალაგებს ყველაფერს, არც რევანში იქნება, არც არაფერი. თუ ბიუჯეტიდან გატანილი აქვს ვინმეს თანხა, კანონი დაარეგულირებს. ბოკერია კანონზე მაღლა დგას? აქ ჩანს ყველაფერი. დიახ, ამ გარიგებაზე ვსაუბრობდით, დიახ, ეს შესთავაზა მან ქართულ ოცნებას,"- ამბობს ჩარკვიანი. 

13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. 

"მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიას ამ განცხადებასერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს ლიდერი თავის ინიციატივას ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობით ხსნის. 

"პრიორიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, ამის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს გზავნილი და არა ის, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს,"- განმარტა ბოკერიამ. 

კომენტარები