ვაგნერის ჯგუფი

"ვაგნერის შენახვაზე სახელმწიფო ზრუნავდა" – პუტინი აღიარებს, რომ ვაგნერს აფინანსებდნენ

ვლადიმირ პუტინი
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის ჯგუფს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ.

პუტინის თქმით, მხოლოდ ბოლო 1 წელში ვაგნერს 86 მილიარდი რუბლი გადაუხადეს.

"მსურს აღვნიშნო და მსურს ყველამ იცოდეს, რომ მთელი ვაგნერის ჯგუფის შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს. მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე სახელმწიფომ კომპანია ვაგნერს გადაუხადა 86 262 000 000 რუბლი ფულადი ანაზღაურებისა და სტიმულირების სახით". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლი ვაგნერის ჯგუფთან კავშირს უარყოფდა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია კონკორდის მეშვეობით, მისმა მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა. მან იმედი გამოთქვა, რომ სამუშაოების დროს მხოლოდ მცირედი რესურსი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ პუტინი პრიგოჟინის სახელსა და გვარს კვლავ არ ახსენებს.

"კომპანია კონკორდის მფლობელმა, ვოენტორგის შუამავლობით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაგნერის შენახვა სახელმწიფოს მხრებზე იდგა, მიიღო, სახელმწიფოსგან გამოიმუშავა... - საკვები პროდუქტების მიწოდებით, ისე რომ არმიას გამოკვების სამსახურს არ უწევდნენ - ...გამოიმუშავა 80 მილიარდი რუბლი. შენახვა მთლიანად აიღო სახელმწიფომ, ხოლო მთელი ამ ჯგუფის, კომპანია კონკორდის ნაწილმა ამავდროულად გამოიმუშავა 80 მილიარდი რუბლი. იმედი მაქვს ამ სამუშაოების დროს არავინ არაფერი მოიპარა, ან ასე ვთქვათ, ცოტა მოიპარა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივხედავთ". – თქვა პუტინმა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები