პრაიდის ფესტივალი

Tbilisi Open Air: ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა ჩვენი ფესტივალის ქონებაც გაანადგურეს

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ორკ-ქოცების მიერ Pride ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე შევარდნილმა აგრესიულმა ადამიანებმა Tbilisi Open Air-ის კუთვნილი ქონებაც დააზიანეს, გაანადგურეს, ან მიითვისეს. ფესტივალი ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვს.

"ვეხმაურებით და სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი პრორუსული ჯგუფები ახორციელებდნენ. ჩვენი ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს იჯარის საფუძველზე ყოველწლიურად ვქირაობთ და მასზე განთავსებული ინვენტარი ფესტივალის საკუთრებაა. ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არა მარტო პრაიდ ფესტის, არამედ, ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს. გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე, დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები და ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები. ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა. შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა, რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე, ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ. Tbilisi Open Air 14-წლიანი გამოცდილებით სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და სიყვარულის იდეაზე დგას. დაუშვებლად მიგვაჩნია ყოვლად ამორალური და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლილი ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ყოფნა და ქმედება თბილისი ოფენ ეარის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება. ის, რაც დღეს აგრესიულმა ჯგუფებმა საფესტივალო ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. სიყვარული სიყვარულია". - წერია Tbilisi Open Air-ის განცხადებაში.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები