ბელარუსი

RFE/RL: თანამგზავრმა დააფიქსირა, რომ ბელარუსში რუსული ბანაკები დაანგრიეს

რუსი სამხედროების ბანაკი 2023 წლის 6 ივნისს და 2023 წლის 4 ივლისს
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური, თანამგზავრის ფოტოებზე დაყრდნობით, ბელარუსში რუსული სამხედრო-სავარჯიშო ბანაკების ლიკვიდაციის შესახებ წერს.

როგორც გამოცემა კომპანია Planet Labs-ის ფოტოებზე დაყრდნობით წერს, დაფიქსირებულია სამი სასწავლო ბანაკის ლიკვიდაცია. აქ მობილიზებული რუსი სამხედროები მომზადებას გადიოდნენ. უცნობია გადაიტანენ თუ არა მათ სხვა ტერიტორიაზე.

4 ივლისით დათარიღებულ ფოტოზე ობუზ-ლესნოვაიას ბანაკი, ფაქტობრივად, უკვე აღარ არსებობს და მისი დაშლა მიმდინარეობს. ბანაკი აქ 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მდებარეობდა. 2023 წლის მარტში აქ ჩატარდა მობილიზებული სამხედროების როტაცია. ამის შემდეგ რამდენიმე კარავი აიღეს. ასევე ჩანდა, რომ ზოგიერთ კარავს არ იყენებდნენ. როტაციის შემდეგ, პოლიგონზე მძიმე ტექნიკა თითქმის არ შეუყვანიათ. 2023 წლის 6 ივნისისთვის აქ ჯერ კიდევ იყო 150 კარავი, სადაც, დაახლოებით, 3 000 ადამიანის დატევა შეიძლებოდა.

თანამგზავრის ფოტოებში დაფიქსირებულია ცვლილებები ლეპელის პოლიგონზეც, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან არსებობს. 4 ივლისის ფოტოზე ჩანს, რომ კარვებს აქაც შლიან. პროცესი დაახლოებით 2 ივლისისთვის უნდა დაწყებულიყო. ჯერ კიდევ 2 ივლისს აქ დაახლოებით 75 კარავი იყო, სადაც ცხოვრება, დაახლოებით, 1 500 ადამიანს შეეძლო.

თანამგზავრის ფოტოებიდან ასევე ირკვევა, რომ დაახლოებით 3 ივლისს დაიწყო რეპიშჩის პოლიგონის დაშლაც. ეს ბანაკი ბელარუსში ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე მდებარეობდა. 2022 წლის ზაფხულში ის დაშალეს, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში ხელახლა გამოჩნდა. აქ მდებარეობდა დიდი ჰოსპიტალი და განთავსებული იყო საბრძოლო ტექნიკა. 29 ივნისისთვის, დაახლოებით, 30 სამხედრო კარავი იყო, რომლებშიც, დაახლოებით, 600 ადამიანი დაეტეოდა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური აღნიშნავს, რომ სამი დიდი ბანაკი, რომელიც რუსი სამხედროების მიერ გამოიყენებოდა, ფაქტობრივად, ერთდროულად - 3 ივლისს, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს დაშალეს.

ამას გარდა, ფაქტობრივად, ამ ყველაფრის პარალელურად ბელარუსში, ასიპოვიჩის რაიონის სოფელ ცელში დაიწყო, სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფისთვის განკუთვნილი ბანაკების მშენებლობა. ამ მომენტისთვის, ბელარუსის ტერიტორიაზე, ეს ყველაზე დიდი ბანაკია, სადაც განლაგებულია 303 სამხედრო ბანაკი და დაახლოებით 15 000 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.


როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები