ბელარუსი

ლუკაშენკომ სამართალდაცავ ორგანოებს ქუჩების ცეცხლსასროლი იარაღით პატრულირება დაავალა

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 21 მარტის მიმართვაზე.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს ქუჩების ცეცხლსასროლი იარაღით პატრულირებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკომ ამის მიზეზად მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. 

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონის კლების მიუხედავად, არსებობს "ექსტრემისტული ხასიათის" დანაშაულის რისკები. 

"ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში და ქუჩაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად არის კრიმინალების ქმედებების ჩახშობა და იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც ბოლომდე ვერ იაზრებენ თუ რომელი უცხოური ძალები უმიზნებენ მათ" – თქვა ლუკაშენკომ. 

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ლუკაშენკომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურს დაავალა სიტუაციის გაკონტროლება.

"პატრულირებისას ჩვენი ბიჭები უნდა იყვნენ ქუჩებში და ისინი უნდა შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტებით მაინც" – თქვა ლუკაშენკომ. 

ამასთან ერთად, 6 თებერვალს ბელარუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიიღეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების კანონში ცვლილებები დამოუკიდებელმა ბელარუსულმა ორგანიზაცია Беларускі Гаюн-მა შეამჩნია.

როგორც ორგანიზაცია წერს, ლუკაშენკოს განკარგულებით შეიცვალა კანონმდებლობის მე-11 პუნქტი. ახალი რედაქციის მიხედვით, სამხედროებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო მოქალაქის დაჭრასა ან სიკვდილზე ძალოვანები პასუხს არ აგებენ, თუ იარაღი გამოყენებულ იქნა "საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნის შესაბამისად".

 Беларускі Гаюн-ის განმარტებით კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც ძალის გადამეტების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

2020 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეებს სამართალდამცავები სასტიკად არბევდნენ. ყველაზე დიდი რეზონანსი რომან ბონდარენკოს სიკვდილმა გამოიწვია, რომელსაც ძალოვანებმა სიკვდილამდე სცემეს.

კომენტარები