პრიგოჟინის ამბოხება

სუროვიკინის დაკავების შესახებ ცნობას The Financial Times-იც ავრცელებს

სერგეი სუროვიკინი

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ სერგეი სუროვიკინთან დაკავშირებით გამოცემა The Financial Times-ი ავრცელებს იგივე ცნობას, რაც გასულ დღეს The Moscow Times-მა გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ ისინი ამ საკითხზე საკითხთან ახლოს მდგომ სამ პირს ესაუბრნენ. როგორც FT წერს, გაურკვეველია, გენერალი სუროვიკინი დაკითხვისთვის დააკავეს თუ როგორც აჯანყებაში მონაწილის სახით.

FT-ს ცნობით, მოსკოვის გავლენიან წრეებში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ორგანოებში წმენდვა დაიწყო.

"პუტინმა წინასწარ იცოდა [პრიგოჟინის აჯანყების შესახებ], როგორც ჩვენ ვხვდებით, და მას გარკვეულწილად მომზადება შეეძლო... ის ხედავდა იმ დღეს ვინ რა გააკეთა. ახლა "სახლს ასუფთავებს"... როგორც ვხვდებით, კიდევ ბევრი ხალხის [დაკავების] რიგიც მოვა". – თქვა FT-სთან დასავლელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამბობს, რომ სუროვიკინი დაკავებულია.

პარალელურად რუსული ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ისინი დაუკავშირდნენ სერგეი სუროვიკინის ქალიშვილს, რომელმაც მათ უთხრა, რომ მამა კარგად არის, "სამუშაო ადგილზეა" და არ დაუკავებიათ.

28 ივნისს დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედია, The Moscow Times-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ სუროვიკინი დააკავეს.

თავდაპირველად დაუდასტურებელი ცნობა, რომ სუროვიკინი დააკავეს, სამხედრო ბლოგერმა, ვლადიმირ რომანოვმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, გენერალი ჯერ კიდევ 25 ივნისს, აჯანყების მომდევნო დღეს დააკავეს.

აქამდე The New York Times-ი წერდა, რომ გენერალი სუროვიკინი შესაძლოა ვაგნერელების მხარს იჭერდა და მათი გეგმების შესახებაც წინასწარ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების ღამეს გავრცელდა მისი სპეციალური მიმართვა, რომელიც დეესკალაციის მოწოდება იყო. კრემლში ამ ცნობას სპეკულაციას უწოდებდნენ.

დასავლურ მედიაში დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერენ, რომ პრიგოჟინის თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის შეპყრობას, მაშინ, როცა ისინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრებოდნენ. თუმცა, ცნობების მიხედვით, პრიგოჟინის ბანაკიდან ინფორმაციამ გაჟონა, რის გამოც ვაგნერელებს ნაჩქარევად მოქმედება მოუწიათ. დასავლურ სადაზვერვო სამსახურებში თვლიან, რომ პრიგოჟინი აჯანყებას ვერ გაბედავდა, გარკვეული ძალაუფლების მქონე პირების მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები