NATO-თურქეთი-შვედეთი

CNN: შვედეთში აქციაზე ყურანის დაწვის გამო NATO-ში შესვლას, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას

28 ივნისს, შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმის ცენტრში მეჩეთის წინ ყურანის დაწვის აქცია გამართვა დაუშვა. აქცია ყურბან-ბაირამს - მსხვერპლშეწირვის სამდღიან დღესასწაულს დაემთხვევა, რომელიც ისლამურ კალენდარში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება

CNN-ს შეფასებით, თურქეთის წინააღმდეგობის გამო, ასეთი პროტესტის დაშვებამ, შესაძლოა, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შანსებს საფრთხე შეუქმნას. გამოცემის ინფორმაციით, შვედეთში ცდილობენ, თავიდან აიცილონ უხერხულობა იმის გამო, რომ ალიანსმა უარი არ თქვას საკუთარ განზრახვაზე, რომელიც 11 ივლისამდე NATO-ში შვედეთის მიღებას ითვალისწინებს.

14 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს კვლავ არ უჭერს.

"შვედეთის მოლოდინები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ გავამართლებთ". - თქვა ერდოღანმა Bloomberg-სა და თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, სტოკჰოლმი NATO-ს წევრი ვილნიუსის სამიტამდე უნდა გახდეს. 

შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ალიანსის მომავალ სამიტზე განიხილება, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თუ შვედეთს უნდა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭიროს მის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ მან უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები საკუთარ დედაქალაში.

"შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ შემდეგ თვეში გასამართ ალიანსის სამიტზე თურქეთი შეიცვლის დამოკიდებულებას NATO-ში მის გაწევრიანებაზე, თუ შვედეთი არ შეაჩერებს ანტითურქულ აქციებს სტოკჰოლმში". – თქვა ერდოღანმა. 


22 ივნისს, სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე, სადაც შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ყურანი დაწვა. აქცია თურქეთის საელჩოსთან მიმდინარეობდა. 

Reuters-ის ცნობით, პოლიტიკოსი, რომელმაც ყურანი დაწვა დანიური ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, რასმუს პალუდანია. პალუდანი წარმომავლობით დანიელია, თუმცა შვედეთის მოქალაქეობასაც ფლობს. მას აქამდეც არაერთ აქციაზე დაუწვავს ყურანი. 

ამ აქციის პარალელურად სტოკჰოლმში კიდევ 2 აქცია ჩატარდა. დემონსტრანტები ქურთების მხარდაჭერის სახელით შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მცდელობას აპროტესტებდნენ. ამის საპირისპიროდ პროთურქულმა ჯგუფმა თურქეთის საელჩოსთან ცალკე აქცია გამართა. სამივე მსვლელობა პოლიციის ნებართვით ჩატარდა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა:

"უმკაცრესად ვგმობთ ჩვენს წმინდა წიგნზე შეურაცხმყოფელ თავდასხმას… კატეგორიულად მიუღებელია გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებული ამგვარი ანტიისლამური ქმედების დაშვება, რომელიც მიმართულია მუსლიმების საწინააღმდეგოდ და შეურაცხყოფს ჩვენს წმინდა ღირებულებებს". 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ისლამოფობიური პროვოკაციები შემზარავია. 

"შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს  იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით". - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.

კომენტარები