NATO-თურქეთი-შვედეთი

შვედეთის სასამართლო: თურქი მოქალაქეების ექსტრადაციის საქმეში სამართლებრივი ბარიერებია

Henrik Montgomery/TT/IMAGO

შვედეთის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ თურქეთის ორი მოქალაქის ექსტრადაციის საქმეში სამართლებრივი ბარიერებია. ორი მოქალაქის გადაცემას თურქეთი ითხოვს და ამტკიცებს, რომ აღნიშნულ პირებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ და აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან აქვთ კავშირი. 

შვედეთის უზანაესი სასამართლოს განმარტებით, საქმეები არ აკმაყოფილებს ორმაგი იურისდიქციის ტესტს და განხილული უნდა იყოს შვედეთში. 

სასამართლოს განცხადებაში Twitter-ზე ასევე ხაზგასმულია, რომ ამ ორი პიროვნების თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში სახელმწიფო დევნის დაწყების რისკი არსებობს. ორივე პიროვნებას შვედეთში ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

შვედეთიდან თურქეთის მოქალაქეების ექსტრადიცია მნიშვნელოვანია შვედეთის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. თურქეთის თანხმობა შვედეთის ალიანსში ინტეგრაციაზე ნაწილობრივ თურქეთის მოქალაქეების ექსტრადიციის პროცესზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის სამიტზე შეთანხმება შედგა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი NATO-ში შვედეთის კანდიდატურას ოქტომბრამდე არ დაამტკიცებს. მისი თქმით, თურქეთის პარლამენტი ორი თვის განმავლობაში შვებულებაშია, რის გამოც შვედეთის კანდიდატურის დამტკიცება პარლამენტში ოქტომბრამდე გადაიწევს. 

კომენტარები