თურქეთი-შვედეთი

სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ყურანი დაწვა

თურქეთის მხარდასაჭერი აქცია სტოკჰოლმში
FREDRIK SANDBERG

სტოკჰოლმში გამართულ აქციაზე, სადაც შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ყურანი დაწვა. აქცია თურქეთის საელჩოსთან მიმდინარეობდა. 

Reuters-ის ცნობით, პოლიტიკოსი, რომელმაც ყურანი დაწვა დანიური ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, რასმუს პალუდანია. პალუდანი წარმომავლობით დანიელია, თუმცა შვედეთის მოქალაქეობასაც ფლობს. მას აქამდეც არაერთ აქციაზე დაუწვავს ყურანი. 

ამ აქციის პარალელურად სტოკჰოლმში კიდევ 2 აქცია ჩატარდა. დემონსტრანტები ქურთების მხარდაჭერის სახელით შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მცდელობას აპროტესტებდნენ. ამის საპირისპიროდ პროთურქულმა ჯგუფმა თურქეთის საელჩოსთან ცალკე აქცია გამართა. სამივე მსვლელობა პოლიციის ნებართვით ჩატარდა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა:

"უმკაცრესად ვგმობთ ჩვენს წმინდა წიგნზე შეურაცხმყოფელ თავდასხმას… კატეგორიულად მიუღებელია გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებული ამგვარი ანტიისლამური ქმედების დაშვება, რომელიც მიმართულია მუსლიმების საწინააღმდეგოდ და შეურაცხყოფს ჩვენს წმინდა ღირებულებებს". 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ისლამოფობიური პროვოკაციები შემზარავია. 

"შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს  იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით". - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.


გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა შვედეთსა და ფინეთს შეახსენა, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, თურქეთი მათი NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიკაციაზე დროში შეზღუდულია. მისივე თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად შეასრულებს შვედეთი თავის პირობას ტერორიზმის საწინააღმდეგო ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"მართალია, შვედეთი ყველანაირად ცდილობს შეთანხმების პირობების შესრულებას, რომელსაც გასულ წელს, მადრიდში მოეწერა ხელი, მაგრამ კიდევ 6 თვე სჭირდება იმისთვის, რომ ტერორიზმის განმარტებაზე ცვლილებები კანონში ასახოს. თუ მათ NATO-ში გაწევრიანება სურთ, შვედეთის მთავრობამ მკაფიოდ უნდა დაანახოს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომ შვედეთი აღარ არის მათთვის უსაფრთხო ადგილი… ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ". - თქვა კალინმა პრესკონფერენციაზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში მალე საარჩევნო პერიოდი დაიწყება, სპიკერის თქმით, შვედეთს 2 თვემდე აქვს იმისათვის, რომ ცვლილებები განახორციელოს.

კომენტარები