NATO-თურქეთი-შვედეთი

თურქეთის პარლამენტმა NATO-ში მიღებაზე შვედეთის განაცხადის კენჭისყრა გადადო

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File photo

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დღეს, 16 ნოემბერს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადზე კენჭისყრა გადადო.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული კომიტეტის თავმჯდომარის, ფუატ ოქტაის თქმით, ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ და კანონპროექტი, შესაძლოა, დღის წესრიგში მომავალი კვირის განმავლობაში დააბრუნონ, თუმცა კონკრეტულ ვადებზე არ უსაუბრია.

"იმისთვის, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანება დაამტკიცონ, ისინი სრულად დარწმუნებულნი უნდა იყვნენ. ჩვენ ამ ყველაფერს [საკითხთან დაკავშირებით] კომიტეტის [მომდევნო] შეხვედრაზე განვიხილავთ". - თქვა ოქტაიმ რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ.

ოქტაის თქმითვე, შესაძლოა კომიტეტმა საჭიროების შემთხვევაში განხილვისას შვედეთის ელჩიც მიიწვიოს. კომიტეტს კანონპროექტის მიღება მარტივი უმრავლესობითაც შეუძლია.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს. თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის NATO-ში მიღების დოკუმენტების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს 23 ოქტომბერს გაუგზავნა.

კომენტარები