NATO-თურქეთი-შვედეთი

თურქეთის საპარლამენტო კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

politico.eu

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. კომისიაში უმრავლესობას რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია ფლობს. კომისიის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი დებატები. 2023 წლის 15 ნოემბერს კომისიამ აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ერთი თვით გადადო. 

შემდეგი ნაბიჯი პარლამენტის გენერალური ასამბლეის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებაა. გენერალურ ასამბლეაში უმრავლესობას ასევე ერდოღანის პარტია ფლობს. კენჭისყრის შედეგად მიღების შემდეგ, საბოლოოდ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის უყრის კენჭს ამ გადაწყვეტილებას თურქეთის პარლამენტის გენერალური ასამბლეა და კენჭისყრის თარიღი პარლემენტის სპიკერმა უნდა აირჩიოს. 

კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა თქვა, რომ შვედეთი ამ ნაბიჯს მიესალმება და ელოდებიან NATO-ში მალევე გაწევრიანებას. 

შვედეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი 19 თვის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოაცხადა. შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობა გაჭიანურდა თურქეთსა და უნგრეთში. თურქეთის მიერ საკითხის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შვედეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდნენ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრები, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ მიმართულებით შვედეთმა ახალი ანტიტერორისტული კანონი მიიღო, რაც აფართოებს კანონის ფარგლებს. 

კომენტარები