ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანი: თუ შვედეთს სურს, თურქეთმა NATO-ში მხარი დაუჭიროს, უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები

Murat Cetinmuhurdar/Presidential Press Office/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ შვედეთს უნდა, რომ თურქეთმა მხარი დაუჭიროს მის NATO-ში გაწევრიანებას, მაშინ მან უნდა შეაჩეროს ანტითურქული აქციები საკუთარ დედაქალაში.

"შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ შემდეგ თვეში გასამართ ალიანსის სამიტზე თურქეთი შეიცვლის დამოკიდებულებას NATO-ში მის გაწევრიანებაზე, თუ შვედეთი არ შეაჩერებს ანტითურქულ აქციებს სტოკჰოლმში". – თქვა ერდოღანმა. 

ერდოღანმა ასევე განმარტა, რომ თურქეთს ვერ ექნება პოზიტიური დამოკიდებულება შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე მანამ, სანამ მის დედაქალაში "ტერორისტები" მართავენ აქციებს. 

შვედეთისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება განიხილება ალიანსის მომავალ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

მანამდე, 13 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის მთავრობა თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერ 35 წლის თურქეთის მოქალაქეს გადასცემს. გადაწყვეტილება მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. თურქეთში მამაკაცის წინააღმდეგ სამართალწარმოება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის მიმდინარეობს, რაც თურქული კანონმდებლობით დასჯადია.

მამაკაცი, რომელიც თურქეთის სასამართლომ 2013 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავა, აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მან თურქეთი კანონიერი გზებით დატოვა და შვედეთში მუშაობის უფლება მიიღო. მისი თქმით, ექსტრადაციის რეალური მიზეზი პროქურთულ პოლიტიკურ პარტიაში მისი აქტიურობა და იმ ჯგუფის მხარდაჭერაა, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა.

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

 

კომენტარები