თბილისის მერი

"თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ" – კალაძე სანქციებისთვის გვერდის ავლაზე

ქართული ოცნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ ყოფილა გამოყენებული. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან ეჭვების გამოთქმა არ კმარა და მთავარი კონკრეტული ფაქტების წარმოდგენაა.

"ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქესთან - გლეხზე, რომელიც შრომობს, ქმნის პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. რატომ უნდა შევუშალოთ მას ხელი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე, თუ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს, გააძლიერებს ბიზნესს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტიათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან".- თქვა კალაძემ. 

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, "ო'სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას".  

ვიზიტის ფარგლებში, 27 ივნისიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. 


ო'სალივანის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. იგი ასევე ეწვევა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, 2023 წლის გაზაფხულზე ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის შემთხვევების მონიტორინგისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ამასთან, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს.

მანამდე, ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

კომენტარები