რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ო'ბრაიენი: საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი გაზრდილია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, საქართველო სრულად ასრულებს დასაველთის მიერ რუსეთის წინააღდეგ დაწესებულ ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის. ო'ბრაიენმა ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს ფინანსურ სანქციებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტის მომატება. ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო 2022 წლის ბოლომდე, იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები ამ საქონელზე შეზღუდვებს დააწესებდნენ. მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან მალე შემცირდება. იმედი მაქვს, ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართული, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მონაკვეთში, რომელიც დასრულდა და ახლა ეს უნდა შეწყდეს". – თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენი: სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს

8 ივნისს ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყაზახეთი. ქვეყნების სიაში ო'ბრაიენმა საქართველო და სომხეთიც მოიხსენია.

კომენტარები