რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU ახალი სანქციებით იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება

REUTERS/Dado Ruvic

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, რომელიც გასულ დღეს დაამტკიცეს, ზომებს მიიღებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად ედებათ რუსეთისთვის სანქციების არიდებაში დახმარება.

გასულ დღეებში დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ იმაზე მალე უნდა გადაჭრან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ავლის გზები, ვიდრე მოსკოვი ახალ საშუალებებს გამონახავს. მსგავსი გზები რუსეთს ამარაგებს საქონლითა და ტექნოლოგიით, რომელსაც საბრძოლო იარაღების წარმოებისთვის იყენებენ.

ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი გასულ თვეებში ზეწოლას ზრდიდნენ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, გაერთიანებული საამიროები და ყაზახეთი, რომლებმაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთში დასავლური ტექნოლოგიის გატანა გაზარდეს.

გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის ელჩებმა 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირა განიხილავდნენ რუსეთის დამხმარე ჩინური კომპანიების სამიზნეში ამოღებას. ამის რამდენიმე ქვეყანას პეკინის გამო ეშინოდა. სანქცირებულთა სიაში მხოლოდ სამი ჰონგ-კონგური კომპანია შევიდა.

FInancial Times-ი წერს, რომ მათ მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, ახალი სანქციები მოიცავს "განსაკუთრებულ, უკიდურეს ზომებს, რომელიც კრძალავს მიყიდვას, მიწოდებას და გადაცემას ან ექსპორტს" იმ სენსიტიური ტექნოლოგიის, რომელიც შესაძლოა სამხედრო დანიშნულებით გამოიყენონ ქვეყნებმა, რომელთა "ხელისუფლებამაც აჩვენა [სანქციებისთვის] გვერდის ავლის განგრძობითი და მაღალი რისკები".

ეს ნაბიჯი ევროკავშირს აძლევს საშუალებას, რომ მიზანში ამოიღოს მესამე ქვეყნები. ამ ქმედებას დასჭირდება დამადასტურებელი საბუთები, რომ ქვეყანა რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდა და ასევე ფაქტი, რომ მათ გაფრთხილებების შემდეგ ამ ქმედებებზე უარი თქვეს.

ამას გარდა, ახალი სანქციები კრძალავს რუსეთის ტერიტორიის გავლით ისეთი საქონლისა და ტექნოლოგიის ტრანზიტს, რომელიც შესაძლოა რუსეთს "სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში დაეხმაროს".

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა თქვა, რომ რუსეთმა საქართველოსთან არსებული სახმელეთო საზღვრის მეშვეობით ევროპის "ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია".

"ზემო ლარსზე ახლა მიმდინარეობს გარღვევა ეკონომიკური ბლოკადის, რომელიც ჩვენ ევროპის ქვეყნებმა მოგვიწყვეს. "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფნით ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ 15 მილიონი ტონა ტვირთი". – თქვა დავიდოვმა.

კომენტარები