რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ო'ბრაიენი: სანქციების სრულად აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარალებს

ECFR

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და საქართველოს ჩართულობის შესახებ ისაუბრა. ო'ბრაიენი ამბობს, რომ სანქციების აღსრულება საქართველოს ეკონომიკას არ აზარელბს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს". – თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ასრულებს ფინანსურს სანქციებს, თუმცა მომატებულია რუსეთის მიმართულებით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი, რაც ლეგალური აღარ არის.

"საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს ფინანსურ სანქციებს, თუმცა ჩვენ ვნახეთ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტის მომატება. ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო 2022 წლის ბოლომდე, იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი და დიდი შვიდეულის ქვეყნები ამ საქონელზე შეზღუდვებს დააწესებდნენ. მოველით, რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან მალე შემცირდება. იმედი მაქვს, ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართული, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მონაკვეთში, რომელიც დასრულდა და ახლა ეს უნდა შეწყდეს". – თქვა ჯეიმს ო'ბრაიენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად იმეორებენ, რომ ისინი არ აპირებენ დასავლეთის მსგავსად რუსეთს სანქციები დაუწესონ და ამით "საკუთარი ქვეყანა დასაჯონ". პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს ინტერესშია" და ამას დასავლელი პარტნიორები "გაგებით უნდა მოეკიდონ".

8 ივნისს ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყაზახეთი. ქვეყნების სიაში ო'ბრაიენმა საქართველო და სომხეთიც მოიხსენია. 

კომენტარები