თბილისის მერი

კალაძე: მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას – ამაში ცუდი არაფერია

ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი - ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის. დავკარგეთ ტერიტორიები. საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი - მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები; ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და საქართველოში კონცერტები გაემართათ. მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. 

[...] იყო მოწოდებები პარლამენტის ტრიბუნიდან. თუ არ ვცდები, შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა.  რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილი ყვავილებით ხელში, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მათ ჩამოსვლას მიესალმებოდა. დღეს, ისევ ეს ადამიანები, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს ორმაგი სტანდარტია და ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. 

ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები