რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

ო'ბრაიენი: სანქციების გვერდის ავლით რუსეთმა ტექნიკის იმპორტის უცვლელი ნიშნული შეინარჩუნა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ობრაიენი
ამერიკის ხმა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზე ისაუბრა. ო'ბრაიენის თქმით, რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყაზახეთი. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ სწორედ ეს ქვეყნები გახდნენ რუსეთისთვის დასავლური პროდუქციის მსხვილი მიმწოდებლები. მისივე თქმით, სანქციების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია და აშშ მისი გადაჭრის მიზნით ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნების სიაში ო'ბრაიენმა საქართველო და სომხეთიც მოიხსენია. 

“ჩვენთვის ცნობილია, წლის დასაწყისში რუსეთმა მოახერხა, რომ მნიშვნელოვანი ტიპის ელექტრონული ტექნიკის იმპორტი ომამდე პერიოდის ნიშნულზე შეენარჩუნებინა”. - აღნიშნა ო'ბრაიენმა. მისი თქმით ეს ტენდენცია უნდა შეწყდეს. 

როგორც ო'ბრაიენმა აღნიშნა, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდების შესაჩერებლად G7-ის წევრმა ქვეყნებმა ამ სახელმწიფოებთან ექსპორტი შეამცირეს, ან საერთოდ შეწყვიტეს. 

“თქვენ იცით, რა დევს სასწორზე. თქვენი ეკონომიკა რისკის ქვეშ არის. შემოსავლების უმეტესობას ევროპასთან, აშშ-სთან იაპონიასთან ურთიერთობის საფუძველზე იღებთ. რატომ აყენებთ ამ ყველაფერს საფრთხეში რამდენიმე გარიგებისთვის?” - ო'ბრაიენის თქმით იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთს პროდუქციას აწვდიან სწორედ ამ მიმართულებით უნდა იფიქრონ. 

კომენტარები