პრიგოჟინის ამბოხება

ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებები შედგა და შეთანხმებას მიაღწიეს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, პუტინის თანხმობით, ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებები შედგა. ლუკაშენკოს მტკიცებით, პრიგოჟინი დასთანხმდა ბელარუსის ლიდერის წინადადებას რუსეთში ვაგნერის წინსვლის შეჩერებისა და დაძაბულობის დეესკალაციის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, არსებობს ვითარების გადაჭრის მისაღები შეთანხმება, რომელიც ვაგნერის დაჯგუფების წევრებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა.

"ამ წუთისთვის მოლაპარაკების მაგიდაზე ვითარების მოგვარების ყველაზე მომგებიანი და მისაღები ვარიანტია, რომელიც ვაგნერის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა". - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრიგოჟინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა და ლუკაშენკომ მოლაპარაკებების შედეგები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები