პრიგოჟინის ამბოხება

რისკების შემცირების მიზნით, მოსკოვში მომდევნო ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება – სობიანინი

სერგეი სობიანინი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, მოსკოვში მომდევნო ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება

"ძვირფასო მოქალაქეებო, მოსკოვში კონტრტერორისტული საოპერაციო რეჟიმი გამოცხადდა. მდგომარეობა მძიმეა. 

რისკების შემცირების მიზნით, მე ოპერაციის ხელმძღვანელ შტაბთან შეთანხმებით გადავწყვიტე, რომ ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოვაცხადო, გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და საწარმოებისთვის, რომელთა მიწოდებაც უწყვეტი რეჟიმით არის აუცილებელი, სამხედრო-სამრეწველო კომპანიებისა და საქალაქო უწყებებისთვის. 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ ქალაქში გადაადგილებისგან. შესაძლებელია მოძრაობის გადაკეტვა გარკვეულ უბნებსა და მაგისტრალებზე.

დროულად აცნობეთ 112-ს საგანგებო სიტუაციებისა და ინციდენტების შესახებ". - წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე სობიანინი. 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები