პრიგოჟინის ამბოხება

ბჟანია: დარწმუნებული ვარ, პუტინის მონდომებითა და სიბრძნით მოვლენები წარმატებით დასრულდება

ასლან ბჟანია

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ვაგნერის ლიდერების მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით, მე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის, ვლადიმირ პუტინის ქმედებებს კანონისა და წესრიგის დამყარების მიზნით.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინის მონდომებისა და სიბრძნის წყალობით, მიმდინარე მოვლენები წარმატებით დასრულდება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად. 

აფხაზეთის რესპუბლიკა ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინაშე მოკავშირე ვალდებულებების შესრულებას". - თქვა ასლან ბჟანიამ.

გარდა ამისა, როგორც Apsnypress-ი წერს, "ასლან ბჟანიამ მოუწოდა აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მათ შორის სპეცოპერაციის ზონაში მყოფებს, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში".


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები