აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სახელით ვიცეპრეზიდენტ ბადრა გუნბასა და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი აფხაზური გამოცემა, Apsnypress-ი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ფედერაციაში შექმნილ გარემოებებთან დაკავშირებით აუცილებელი ზომების მიღების საჭიროება, რამაც გამოცემის განმარტებითვე, შესაძლოა "გამოიწვიოს გარე საფრთხეების გაძლიერება და აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დესტრუქციული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა".
როგორც აფხაზური გამოცემა აღნიშნავს, ბადრა გუნბამ გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერაციაში სიტუაცია კანონის შესაბამისად მოგვარდება, ხოლო შეხვედრის მონაწილეთა ყურადღება რესპუბლიკის უსაფრთხოების ძირითად ასპექტებზე ძალების კონცენტრირების აუცილებლობაზე გაამახვილა.
აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტი არ ყოფილა და ძალოვანი უწყებების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გარდა ამისა, როგორც Apsnypress-ი წერს, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ აღნიშნა, რომ არსებული მონაცემებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრებს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არ არიან.
ამასთანავე, გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს მითითებები მისცა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა. თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა, იყოს მუდმივი კონტაქტზე აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან". - წერს ადგილობრივი აფხაზური გამოცემა.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".
პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.
მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.





