პრიგოჟინის ამბოხება

კადიროვი: ჩეჩნეთიდან თავდაცვისა და როსგვარდიის მებრძოლები უკვე დაძაბულობის ზონისკენ მიდიან

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

კადიროვმა მოვლენებს ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა.

კადიროვმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში პუტინის მხედართმთავრული შესაძლებლობები აქო. მისი აზრით, პუტინი ყველა სამხედრო მეთაურზე "და მით უმეტეს ბიზნესმენზე" უკეთ იცის ბრძოლის ველის ყველა წვრილმანი.

კადიროვი ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებსა და დაპირებებს არ აყვნენ. მისი თქმით საჭიროა პუტინის გარშემო გაერთიანება.

კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნეთიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის დანაყოფები უკვე დაიძრნენ დაძაბულობის ზონის მიმართულებით.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები უკვე გავიდნენ დაძაბულობის ზონისკენ. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევინარჩუნოთ რუსეთის ერთობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა. აჯანყება უნდა ჩაიხშოს და თუ ამისთვის საჭიროა ხისტი ზომები, მაშინ ჩვენ მზად ვართ". – წერს კადიროვი.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები