საფრანგეთმა და გერმანიამ შეაჩერეს გეგმა, რომელიც მომდევნო თაობის ევროპული ავიაგამანადგურებლის შემუშავებას ითვალისწინებდა. მიზეზი მწვავე ინდუსტრიული უთანხმოებაა.
როგორც გამოცემა Politico უსვამს ხაზს, ეს არის მნიშვნელოვანი დარტყმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ევროპული თავდაცვის ინტეგრაციის იდეისთვის. მათივე შეფასებით, პროექტის ჩავარდნა მიუთითებს ევროპული ქვეყნების კოოპერაციის სირთულეებზე ისეთ კომპლექსურ საკითხებში, როგორიცაა ძვირადღირებული მულტინაციონალური პროგრამები.
"პრეზიდენტი მაკრონი და ფედერალური კანცლერი მივიდნენ საერთო დასკვნამდე, რომ ჩართული კომპანიები ვერ შეძლებენ გაერთიანებას საერთო ავიაგამანადგურებლის შექმისათვის. ისინი ამ ფაქტს აღიარებენ... შესაბამისად, ფედერალურმა კანცლერმა მერცმა პრეზიდენტ მაკრონს ურჩია, არ გააგრძელონ ერთობლივ ავიაგამანადგურებელზე მუშაობა" - უთხრა Politico-ს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ერთობლივ პროექტში, რომელიც 2017 წელს წამოიწყეს, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ერთიანდებოდნენ. მოდელს, რომლის შექმნაც იგეგმებოდა, მომავლის საბრძოლო საჰაერო სისტემას (FCAS) უწოდებდნენ. გეგმის მიხედვით, FCAS-ებს 2040 წლისთვის გერმანიის Eurofighter-ისა და საფრანგეთის Rafale-ს ავიაგამანადგურებლები უნდა ჩაენაცვლებინა. პროექტი მოიცავდა როგორც თვითმფრინავის, ისე საბრძოლო დრონებისა და "საბრძოლო ღრუბლის" შემუშავებას. ეს უკანასკნელი იქნებოდა პროექტის ციფრული ქვაკუთხედი, რომელიც სენსორებს, თანამგზავრებს, დრონებსა და ავიაგამანადგურებლებს ერთ სისტემაში გააერთიანებდა.
პროექტი ფრანგული კომპანია Dassault-ისა და გერმანული Airbus Defence-ის უთანხმოების გამო შეჩერდა. კომპანიებს ვერ გადაეწყვიტათ, ვინ შეასრულებდა წამყვან როლს პროექტის შესრულებაში.
ეს ცნობა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა. მათი მინიშნებით, პროგრამის შეჩერება გერმანიის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.
"გერმანიის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ მოცემულ კომპანიებზე ზეწოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო. საფრანგეთი ინარჩუნებს შეხედულებას, რომ ფრანგულ-გერმანული კოოპერაცია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმნიშვნელოვანესია." - თქვეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაგამანადგურებლის შემუშავების გეგმა ჩავარდა, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს არ გამოურიცხავთ "საბრძოლო ღრუბლისა" და დრონების ერთობლივი შემუშავების შესაძლებლობა.
"FCAS-ის ბირთვი მომავალშიც ევროპულ სისტემათა სისტემად დარჩება. გარკვეული გაგებით, ეს არის ნერვული სისტემა, რომელიც თვითმფრინავებს, დრონებსა და სხვა კომპონენტებს ერთიან, ინტეგრირებულ ქსელში აერთიანებს." - თქვა გერმანიის წარმომადგენელმა Poltiico-სთან საუბარში.
ოფიციალური პირის თქმით, საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს დაევალებათ თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობის სამუშაო გეგმის შემუშავება, რომელიც "რამდენიმე რეალისტურ და მნიშვნელოვან პროექტზე" იქნება ორიენტირებული.
FCAS არ არის ერთადერთი ევროპული საერთაშორისო თავდაცვითი პროგრამა, რომელსაც გასულ წლებში პრობლემები შეექმნა.
ბოლო წლებში შეფერხდა საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი გეგმები საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის, ახალი თაობის ტანკისა და საარტილერიო სისტემების შექმნის შესახებ. უთანხმოებები წარმოიქმნა იტალიის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მიმდინარე საბრძოლო ავიაციის პროექტშიც - Global Combat Air Programme (GCAP).
ამასთან, საფრანგეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ძვირადღირებული Eurodrone-ის პროგრამაში აქტიურ მონაწილეობაზე, რომელშიც ოთხი ქვეყანა იყო ჩართული. ამის გამო პროექტის მომავალი გაურკვეველი გახდა, მაშინ როცა დარჩენილი პარტნიორები - გერმანია, იტალია და ესპანეთი განიხილავენ, როგორ გააგრძელონ პროგრამის განვითარება.
Politico ხაზს უსვამს, რომ FCAS-ის საბრძოლო თვითმფრინავის კრახი მოულოდნელი განხეთქილების შედეგი არ ყოფილა და ეს ევროპის ორი ყველაზე გავლენიანი თავდაცვის კომპანიის, Airbus-ისა და Dassault Aviation-ის, შორის ხანგრძლივი და დამღლელი დაპირისპირების შედეგი იყო.
როგორც Politico ადრე იუწყებოდა, გერმანელი და ფრანგი ოფიციალური პირები უკვე თვეების განმავლობაში კერძო საუბრებში აცხადებდნენ, რომ პროექტის საბრძოლო თვითმფრინავის კომპონენტი ფაქტობრივად "მკვდარი" იყო.
ჩიხში შესული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა გასული წლის ზაფხულში, როდესაც Dassault-მა, ფრანგული Rafale-ის გამანადგურებლის მწარმოებელმა, FCAS-ის საბრძოლო თვითმფრინავის განვითარების პროცესში ლიდერობა მოითხოვა. მათი წინადადებით, Airbus-ს პროექტის დიზაინზე შეზღუდული წვდომა ექნებოდა, როცა Dassault-ი თავად შეარჩევდა მიმწოდებლებს და მომხმარებლებთან მთავარი კოორდინატორი იქნებოდა. Airbus-მა ეს მიდგომა FCAS-ის საფუძველში არსებული ერთობლივი შეთანხმების არსებით დარღვევად მიიჩნია. კომპანიის აზრით, ამგვარი მოდელი ევროპულ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროგრამას ფრანგულ პროექტად გადააქცევდა, რომელსაც გერმანული და ესპანური დაფინანსება და სამრეწველო შესაძლებლობები დაუჭერდა მხარს.
სექტემბრისთვის Politico იუწყებოდა, რომ ბერლინი უკვე ალტერნატიული ვარიანტების ძიებას იწყებდა, მათ შორის შვედეთთან თანამშრომლობის ან კონკურენტ GCAP-ის პროგრამაში გაწევრიანების შესაძლებლობებს.
სამრეწველო უთანხმოებას ემატებოდა განსხვავებული ხედვები თვითმფრინავის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. საფრანგეთს უფრო მსუბუქი გამანადგურებელი სურდა, რომელიც ავიამზიდებიდან ოპერირებისთვის იქნებოდა ოპტიმიზებული, მაშინ როდესაც გერმანია საჰაერო უპირატესობის მისაღწევად უფრო მძიმე თვითმფრინავის შექმნას ემხრობოდა. საბოლოოდ, ბერლინმა ორი განსხვავებული თვითმფრინავის აგების იდეა წამოაყენა, თუმცა პარიზმა ეს წინადადება უარყო.
მარტში გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ პროექტისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ, თუმცა მოლაპარაკებებმა არსებული ღრმა უთანხმოებები ვერ გადაჭრა.





