პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთის თავდაცვა ვაგნერს: გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება, უსაფრთხოების გარანტია გაქვთ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელებს მიმართავს, მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და მუდმივი განლაგების ადგილებში დასაბრუნებლად უწყების წარმოამდგენლებს მიმართონ. განცხადების მიხედვით, რუსეთი მათ "უსაფრთხოების გარანტიას" აძლევს.  

"თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. 

სხვადასხვა რაზმიდან თქვენმა ბევრმა თანამებრძოლმა უკვე გააცნობიერა შეცდომა და ითხოვდნენ დახმარებას მუდმივი განლაგების ადგილებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის. 

ჩვენი მხრიდან ეს დახმარება უკვე გაეწია ყველას, ვინც მოგვმართა - მებრძოლებსა და მეთაურებს.  

გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მალე დაუკავშირდეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ან სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ ყველას გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას". - ვკითხულობთ განცხადებაში.    

დღეს, 24 ივნისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ

რუსეთში დაწყებული სამხედრო არეულობის შემდეგ ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯავშანტექნიკა და მებრძოლები, რომლებიც შენობებს მიზანში იღებენ. როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. პრიგოჟინი ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

მისივე სიტყვებით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. რიგოჟინის ვაგნერის მოქმედებებს არა სამხედრო გადატრიალებად, არამედ "სამართლიანობის მარშად" აფასებს.

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის, ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

კომენტარები