პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: როსტოვის სამხედრო ობიექტები ჩვენი კონტროლის ქვეშაა

ევგენი პრიგოჟინი. კადრი გავრცელებული მიმართვიდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

"როსტოვში ვიმყოფებით. დილის 7:30 საათია. როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი ჩვენი კონტროლის ქვეშაა… აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ დიდი რაოდენობით ტერიტორია დაკარგულია, დაღუპული სამხედროები 3-4-ჯერ მეტნი არიან ვიდრე დოკუმენტებში ხვდება, ტელევიზორში კი დოკუმენტებში მოხვედრილ რაოდენობაზე 10-ჯერ ნაკლებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთ დღეს სანიტარული დანაკარგები 1000 ადამიანს აღწევს. მათ შორის არიან დაღუპულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დაჭრილები და ისინი, ვინც უარს ამბობენ ბრძოლაზე არა იმიტომ, რომ ლაჩრები არიან, არამედ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ - საბრძოლო მასალა არ არის, ხელმძღვანელობა არ არის. გენერალური შტაბის უფროსი როგორც კი ჩვენი შენობასთან მოახლოების შესახებ გაიგო, აქედან გაიქცა". - ამბობს პრიგოჟინი.

მისივე თქმით, სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დამყარების მიუხედავად, რუსეთის არმიის სამხედროებს სამუშაოს შესრულებაში და უკრაინის ფრონტზე ომის წარმოებაში ხელი არ ეშლებათ.

რუსეთში 23 ივნისს დაწყებული სამხედრო არეულობის შემდეგ ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ), როსტოვის ადმინისტრაციისა და პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობები. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ჯავშანტექნიკა და მებრძოლები, რომლებიც შენობებს მიზანში იღებენ. როსტოვის გუბერნატორი, ვასილი გოლუბიოვი მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

კომენტარები