პრიგოჟინის ამბოხება

"შემდეგი სვლა ჩვენზეა" – პროგოჟინის მტკიცებით რუსეთის არმიამ ვაგნერს დაარტყა

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკებს თავს დაესხნენ. 

"სარაკეტო შეტევა ვაგნერის ბანაკებზე განხორციელდა. ბევრია მსხვერპლი. თვითმხილველი მებრძოლების თქმით, დარტყმა უკნიდან იქნა მიტანილი, ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროებმა მიიტანეს". - თქვა პრიგოჟინმა. 

ბიზნესმენის თქმით, "ბევრი მებრძოლი დაიღუპა" და უახლოეს მომავალში ვაგნერი გადაწყვეტს, "როგორ უპასუხოს ამ სისასტიკეს".

"ჩვენ თავხედურად მოგვატყუეს და ცდილობდნენ წაერთმიათ საკუთარი სახლის დაცვის შესაძლებლობა. მზად ვიყავით თავდაცვის სამინისტროსთან დათმობაზე წავსულიყავით, ჩაგვებარებინა იარაღი, გვეპოვა გადაჭრის გზა, როგორ გავაგრძელებდით ჩვენი ქვეყნის დაცვას. მაგრამ ეს ამაზრზენები არ დაწყნარდნენ". - თქვა პრიგოჟინმა.

"25 000 ვართ. ვაპირებთ, გავარკვიოთ, რატომ ხდება ეს განუკითხაობა ჩვენს ქვეყანაში. ტაქტიკური რეზერვის სახით 25 ათასია მოსალოდნელი, სტრატეგიული რეზერვი კი მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ვისაც უნდა შემოუერთდეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს განუკითხაობა". - ამბობს პრიგოჟინი. 

23 ივნისს დილით პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს და უწყებას "პრეზიდენტის მოტყუებაში" ბრალს დებდა. პრიგოჟინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "სისხლით ბანაობენ", უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ და რუსეთის არმიაში "არავითარი კონტროლი" არ არსებობს. 

ამავე დღეს, მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაწერა განცხადება საგამოძიებო კომიტეტში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებით, რადგან ისინი "რუსი ხალხის გენოციდზე არიან პასუხისმგებელი".
 

კომენტარები