გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფარგლებში ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი შეხვედრა მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო არ შემდგარა.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 28 ივნისს ჰორმუზის სრუტეში გემებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ ირანის "რამდენიმე სამხედრო ობიექტზე“ იერიშები მიიტანა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ასევე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისმა საზღვაო და საჰაერო ძალებმა საპასუხოდ იერიშები მიიტანეს აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში.
Reuters-ს აშშ-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ირანის თავდასხმებს არც მსხვერპლი და არც მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.
წინა დღეს, 27 ივნისს აშშ-მ ასევე მიიტანა იერიში ირანის რაკეტებისა და დრონების საცავებზე. "არ მომწონს ის ფაქტი, რომ მათ გუშინ გაისროლეს - სინამდვილეში ოთხჯერ" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აშშ-ს საპასუხო დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე.
პარასკევს საღამოს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა "ტელეფონი უნდა აიღოს", თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობს. "მაგრამ ძალადობას ძალადობითვე გაეცემა პასუხი" - დაამატა ვენსმა.




