რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა უარყოფს პრიგოჟინის ცნობას, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი, პოლკოვნიკი სერგიი ჩერევატი უარყოფენ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გავრცელებულ ცნობას, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს.

როგორც სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, უკრაინის ძალებს ჯერ კიდევ უჭირავთ პოზიციები ქალაქის კონსტანტინოვკის მხრიდან შესასვლელ რაიონში.

"ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიდის. სიტუაცია კრიტიკულია. ამასთან ერთად, ჩვენი სამხედროები თავდაცვას ინარჩუნებენ ლიტაკის რაიონში. ამჟამინდელი ვითარებით, ჩვენი მცველები აკონტროლებენ გარკვეულ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ამ რაიონსა და კერძო სექტორს". – წერს მალიარი.

"ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან". – თქვა Reuters-თან ჩერევატიმ.

აქამდე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ქალაქი ბახმუტი მისმა ძალებმა სრულად აიღეს. ჩანაწერში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალები აქ 25 მაისამდე გაჩერდებოდნენ, შემდეგ კი დასასვენებლად და გადასამზადებლად გამოვიდოდნენ და პოზიციებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდნენ.

კომენტარები