საქართველო-რუსეთი

ბევრი მოთხოვნა, ტრადიციული კავშირები, კულტურული გაცვლები – რა თქვა ზახაროვამ ფრენებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზახაროვას მტკიცებით, რუსეთი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი და მოსკოვის "პრინციპული მიდგომაა" ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კავშირების პირობების გამარტივება. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ირწმუნება, რომ პირდაპირი ფრენების გაგრძელებასა და სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უამრავი მოთხოვნით მიმართავდნენ.

"საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორები არასდროს ვყოფილვართ და მხარს ვუჭერდით მის ნორმალიზაციას. ჩვენი პრინციპული მიდგომა მდგომარეობს რუსეთისა და საქართველოს მაცხოვრებლების შორის კავშირის პირობების თანმიმდევრულ გამარტივებაში, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად. ამაზე მოთხოვნა უამრავი ადამიანისგან გავიგეთ. ამ თემას საჯაროდ იმდენჯერ დავუბრუნდით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით, რომ უკვე რიტუალად იყო ქცეული პასუხი შეკითხვებზე: როდის [დაიწყება] ავიამიმოსვლა, როდის მოხდება ეს ყველაფერი და ა.შ.". – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვას მტკიცებით, სამოქალაქო კავშირები "პოლიტიკის ტყვეობაში" არ უნდა იყოს.

"გამოვმდინარეობთ იქედან, რომ სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული კავშირები პოლიტიკის ტყვეობაში არ უნდა იყოს და ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს უფლებებსა და კანონიერებას... რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჰაერო კავშირის აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზების გაუქმებაზე, სრულად ჯდება სწორედ ამ ლოგიკაში". – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

ზახაროვა ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლება პირდაპირი ფრენების გაგრძელებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ იღებდა სხვადასხვა წრეებიდან, მათ შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების გაერთიანებებისგან.

"როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც სულ მცირე 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლა უვიზოდ შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებს უმსხვილესი ქართული დიასპორა საზღვარგარეთ. რუსეთის ხელისუფლება იღებდა უამრავ მიმართვას საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, საქმიანი, სამეცნიერო წრეების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, რუსეთისა და საქართველოს ორგანიზაციების, მათ შორის რუსულ-ქართულ საქმეთა საბჭოს, რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მხრიდან". – თქვა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, პუტინის გადაწყვეტილების მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენა.

"რუსეთის პრეზიდენტის მიღებული გადაწყვეტილებით, მოწოდებულია თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებისთვის, მათ შორის საქმიან წრეებს შორის კონტაქტების გააქტიურების გზით, სამომავლო განვითარება ტურიზმში, რაშიც რუსეთს აბსოლუტური პირველობა ეკუთვნის, ასევე მიეცეს დამატებითი იმპულსი რუსეთისა და საქართველოს ჰუმანიტარული კავშირების არსებულ ძველ ტრადიციას, გამარტივებული პირობების შექმნით კულტურული გაცვლებისთვის: ხელოვანთა კოლექტივების გასტროლების, გამოფენების, სპორტული შეჯიბრებების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. ამიტომ, ჩვენი გადმოსახედიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ საკითხების გარდა სხვა თემებზე კითხვები არ მახსენდება. ეს ყველაფერი ხდება იმ ინტერესების სასარგებლოდ, რაც ამდენი ხანი გვესმოდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან". – თქვა ზახაროვამ.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა 16 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, რუსეთიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ია დაინტერესებული. 

კომენტარები