საქართველო-რუსეთი

სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ 3 კომპანიაზე ამბობს, რომ მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში და დანარჩენი მათთვის "საინტერესო არაა". 

"მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია მოხვდა.

სანქციების ახალი პაკეტის მიზანია მოსკოვის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელებისა და ჩრდილოვანი ფინანსური სისტემების შეზღუდვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ 26 მაისს დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს ეიაიფორი, შპს არვიქს და შპს რაპირა გრუპ) დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები - 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

კომენტარები