რუსეთი-საქართველო

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია: საქართველო-რუსეთს შორის შესაძლოა ავტობუსის ტურებიც აღდგეს

Reuters

რუსეთის ტურების ოპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პირდაპირ ფრენებთან ერთად საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს

"პირდაპირი ფრენების პარალელურად, შესაძლებელია, საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს, რადგან ზემო ლარსის საზღვარი ახლა ღიაა". - თქვა მან. 

მურადიანმა აღნიშნა, რომ წელიწადში 1 მილიონი ტურისტი შეიძლება გახდეს რეალური მაჩვენებელი, თუ რუსეთ-საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ფრენები შესრულდება, კვოტაზე შეზღუდვები მოიხსნება და სატრანზიტო ტურიზმი განვითარდება.

"საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი შემოთავაზებების ფორმირება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც დაასტაბილურებს ფასებს და გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის". - თქვა მურადიანმა. 


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები