საქართველო-რუსეთი

სახ.დეპი საქართველო-რუსეთის ფრენებზე: დამატებით ნაბიჯებს საჭიროებისამებრ გადავდგამთ

ვედანტ პატელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების აღდგენის საკითხს და აღნიშნა, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და დამატებით ზომებს საჭიროებისამებრ მიიღებენ.

როგორც პატელმა აღნიშნა, ახლა, როცა დასავლეთი რუსეთისგან დისტანცირდება, მოსკოვთან ჩართულობის გაზრდის დრო არაა. მან მიუთითა, რომ ფრენების განახლებას შესაძლოა მოჰყვეს შედეგები საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებისთვის.

"თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შედგება, ეს მზარდი შეშფოთების საგანი იქნება არამხოლოდ აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნებისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომელთაც იმპორტისა და ექსპორტის [რეგულაცია] და სხვა საკითხები ეხებათ. დასავლეთის მთელმა საზოგადოებამ რუსეთისგან დისტანცია დაიჭირა და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არაა". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

პრესსპიკერის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-მ აქამდე მკაფიოდ გამოთქვა საკუთარი შეშფოთება. მისი თქმით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და დამატებით ნაბიჯებს საჭიროებისამებრ გადადგამენ.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით შეშფოთება ამაზე და ძალიან ცხადი ვიყავით, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯები, რუსული თვითმფრინავების ჩვენს ავიასივრცეში არდაშვებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მოიქცა ბევრი დასავლური ქვეყანა. ასე რომ, განვაგრძობთ ამ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და საჭიროებისამებრ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს". — თქვა პატელმა.

აქამდე, გასულ დღეებში პატელი, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების სანქცირების შესაძლებლობაზე საუბრობდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები