რუსეთთან ფრენები

საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ავიაკომპანია Ираэро ითხოვს

ИрАэро-ს პრესსსამსახური/Aviation Explorer

რუსულმა ავიაკომპანია Ираэро-მ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადება შეიტანა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს

"მოსკოვიდან ბათუმისა და  თბილისის მიმართულებით ფრენების ნებართვის შესახებ განცხადება შემოვიდა". - წერს TACC-ი სატრანსპორტო ფედერალური სააგენტოს წყაროზე დაყრდნობით. 

ამავე ინფორმაციით, 19 მაისს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში შეხვედრა გაიმართება, სადაც გადაწყდება მისცემენ თუ არა ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით ფრენის უფლებას.

კომპანია Ираэро დაარსდა 1999 წელს და არის რუსეთის 20 უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთი. მისი თვითმფრინავები დაფრინავენ რუსეთის 70-ზე მეტ ქალაქში, ასევე ახლო და შორეულ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთში, ჩინეთში, თურქეთში, უზბეკეთში.

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავებისგან: Airbus A319-100 Sukhoi Superjet 100, An-24, An-26, An-26-100 და Bombardier CRJ-200 ER.

აღსანიშნავია, რომ აქამდე Ираэро საქართველოს მიმართულებით ფრენებს არ ასრულებდა. 

ამასთან, სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, Ираэро უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია. Азимут-ის მსგავსად, რომელიც საქართველოში 17 მაისიდან იფრენს, Ираэро-ს დასანქცირების მიზეზი რუსეთის ხელისუფლებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში ოპერირება გახდა.

"Ираэро რუსეთის მთავრობისთვის უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ მხარდაჭერას იმ სექტორებში, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას". - ვკითხულობთ ვებგვერდზე.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აუცილებელი ნებართვა დღეს, 16 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულებას 17 მაისიდან დაიწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, რუსეთიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებით კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ია დაინტერესებული. 

კომენტარები