რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სირსკი: ბახმუტის მიმართულებით მტერი ზოგიერთ მონაკვეთზე უკან დავხიეთ

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ბახმუტის მიმართულებით, ეფექტიანი კონტრშეტევის შედეგად, ოკუპანტება ზოგიერთი მონაკვეთიდან დაიხიეს, 2 კილომეტრის დაშორებით.

"ბახმუტის მიმართულებით კარგად გააზრებული თავდაცვის წყალობით, ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტიან შედეგებს ვიღებთ. მათ შორის ვატარებთ ეფექტიან კონტრშეტევებს. ფრონტის გარკვეულ მონაკვეთზე მტერმა უკრაინელი მცველების შეტევას ვერ გაუძლო და 2 კილომეტრამდე მანძილზე უკან დაიხია". – თქვა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა. 

სირსკის თქმით, სწორად გათვლილმა თავდაცვითმა ოპერაციებმა გამოფიტა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მომზადებული ძალები და ზოგიერთი მიმართულებით მათ მოუწიათ, რომ პოზიციები რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების ნაკლებად მომზადებული ქვედანაყოფებისთვის გადაეცათ. მათ კი უკან დაიხიეს.

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა განსაკუთრებით შეაქო მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მუშაობა.

"ჩვენს ძალებს ფრონტი საიმედოდ უჭირავთ და მტერს არ აძლევენ წინსვლის საშუალებას. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება... როგორც კარლ ფონ კლაუზევიცი იტყოდა: "ომი გამარჯვებამდე გრძელდება და მორჩა"". – თქვა სირსკიმ. 

10 მაისს ვაგნერის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ბახმუტში მისი ძალების ალყაში მოქცევის სერიოზული საფრთხე არსებობდა.

პრიგოჟინის მტკიცებით,  ე.წ. "ბახმუტის ხორცსაკეპმა", ანუ ამ ქალაქში მიმდინარეო ოპერაციამ, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვა და კონტრიერიშის მომზადებაში ხელის შეშლა იყო, ეფექტიანობა 2023 წლის აპრილ-მაისში დაკარგა. რუსი ოლიგარქის თქმით, ეს გამოიწვია შიდა კონკურენციის შიშმა და ვაგნერის საბრძოლო პოტენციალის გამოფიტვა დაიწყეს. როგორც პრიგოჟინი ამბობს, თუ არ ექნებათ საბრძოლო მასალა, "ხორცსაკეპი" საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები