რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პრიგოჟინი: ბახმუტში ვაგნერის ალყაში მოქცევის სერიოზული საფრთხე არსებობს

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტში მისი ძალების ალყაში მოქცევის დიდი საფრთხე არსებობს.

"არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტში ალყაში მოექცევა, ფლანგების გარღვევის შემთხვევაში. ფლანგები უკვე იბზარება და ირღვევა". – თქვა პრიგოჟინმა. 

პრიგოჟინის მტკიცებით,  ე.წ. "ბახმუტის ხორცსაკეპმა", ანუ ამ ქალაქში მიმდინარეო ოპერაციამ, რომლის მიზანიც, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოფიტვა და კონტრიერიშის მომზადებაში ხელის შეშლა იყო, ეფექტიანობა 2023 წლის აპრილ-მაისში დაკარგა. რუსი ოლიგარქის თქმით, ეს გამოიწვია შიდა კონკურენციის შიშმა და ვაგნერის საბრძოლო პოტენციალის გამოფიტვა დაიწყეს. როგორც პრიგოჟინი ამბობს, თუ არ ექნებათ საბრძოლო მასალა, "ხორცსაკეპი" საპირისპირო მიმართულებით იმოქმედებს.

"საბრძოლო მასალის უქონლობის დროს "ხორცსაკეპი" საპირისპირო მიმართულებით ამოქმედდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის განადგურებას დაიწყებენ". – აღნიშნა პრიგოჟინმა. 

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები