გუშინ, 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წლის კამპანიის დროს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი თანხის გამო ბრალი წაუყენეს.
ტრამპი ჯერ ამ თვის დასაწყისში საუბრობდა მის მოსალოდნელ დაკავებაზე. გასულ დღეს მან სასამართლოს გაწყვეტილებას "პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევის მცდელობა" უწოდა.
რესპუბლიკელი მკვლევარი, ჯონ ფიჰერი ტრამპის მანჰეტენის საქმეს სხვა ბრალდებებთან შედარებით "სულელურად" აფასებს. ტრამპს ჯერ წინ აქვს სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე: ერთ-ერთი პროკურორი იძიებს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ტრამპი 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდა. ასევე, ჯორჯიას შტატის პროკურორები იკვლევენ ტრამპის მცდელობებს, შეეცვალა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების ფინალი.
ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.
ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში.
პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის, როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად მთავარ კითხვად რჩება.
ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა - მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში - არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ პენსილვანიის ალეგენის ოლქში, სემ დემარკომ თქვა, რომ რესპუბლიკელები მანჰეტენის ბრალდებას პოლიტიკურად განიხილავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ფედერალურმა პროკურორებმა განიხილეს დენიელსის საქმე 2018 წელს და გადაწყვიტეს არ წაეყენებინათ ბრალი ტრამპისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად, იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკაა მოქმედ პრეზიდენტს ბრალი არ წაუყენოს.
2016 წელს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ტრამპი ვულგარულ კომენტარებს აკეთებდა ქალებზე. 2018 წლისთვის, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, დენიელსის საქმის გამო მისი ადვოკატი, მაიკ კოენი ციხეში მოხვდა. ადვოკატმა ხელი ტრამპისკენ გაიშვირა და ამტკიცებდა, რომ გასაჩუმებლად თანხა გადაუხადა დენიელს და მეორე ქალს - Playboy-ის ყოფილ მოდელს კარენ მაკდუგალს, რომელიც, ასევე ამტკიცებს, რომ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტი ორივე ქალთან ურთიერთობას უარყოფს.
ტრამპმა თეთრ სახლში დასაბრუნებლად ბრძოლა ოფიციალურად ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. მას გასულ თვეს სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი და ტრამპის დროს გაეროში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი შეუერთდა.
ტრამპის მთავარ კონკურენტად ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი განიხილება, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ დაუყენებია, თუმცა პრაიმერში ჩართვა ჯერ დაგვიანებული არ არის, პირიქით, ტრამპის გადაწყვეტილება - უკვე ნოემბრისთვის დაეწყო კამპანია, ითვლება სულსწრაფობად. დეტალურად - როდის უნდა ველოდოთ პრაიმერის კანდიდატების ვინაობის გარკვევას შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.