დონალდ ტრამპი

ადვოკატი: ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალი წაუყენეს

REUTERS/Jonathan Ernst

დონალდ ტრამპის ადვოკატის თქმით, მანჰეტენის ნაფიცმსაჯულების სასამართლომ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს იმ საქმეზე, რომლის მიხედვითაც მან პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს ქორწინების მიღმა სექსუალური კავშირის დასაფარად 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ფული გადაუხადა. 

მანჰეტენის დემოკრატი პროკურორის, ელვინ ბრაგის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს. თუმცა, ტრამპმა მანამდე აღნიშნა, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაშიც, საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინირებისთვის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მაინც იბრძოლებს.

New York Times-ის ინფორმაციით, კონკრეტული ბრალდებები ჯერ უცნობია და ოფიციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ტრამპი 2020 წელს მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოდა, თუმცა ჯო ბაიდენთა დამარცხდა და მას შემდეგ ამტკიცებდა, რომ ბაიდენთან ხმების ფართო გაყალბების გამო წააგო. 

ნაფიცმა მსაჯულმა მტკიცებულებების მოსმენა ტრამპის მიერ დენიელსისთვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თანხის მიცემასთან დაკავშირებით იანვარში დაიწყეს. დენიელსი, იგივე - სტეფანი კლიფორდი ცნობილი პორნომსახიობი და რეჟისორია. მისი თქმით, მან საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ფული მიიღო, რათა 2006 წელს ტრამპთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ გაჩუმებულიყო.

ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ ტრამპმა ჩუმად გადაუხადა ფული დენიელს და მეორე ქალს - Playboy-ის ყოფილ მოდელს კარენ მაკდუგალს, რომელიც, ასევე ამტკიცებს, რომ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.

ტრამპმა ორივე ქალთან სექსუალური ურთიერთობა უარყო.

ფედერალურმა პროკურორებმა 2018 წელს გამოიძიეს დანიელისთვის თანხის გადახდა. შედეგად, ადვოკატს, კოენს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

აშშ-ის არცერთი ყოფილი ან მოქმედი -პრეზიდენტისთვის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ტრამპს ჯერ  წინ აქვს სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე.
 

კომენტარები