თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "მეგობრული" შეხვედრის დროს, რომლის მიზანიც ძალაუფლების მშვიდი გადაბარების უზრუნველყოფაა, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილეს.
"მათ განიხილეს მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხები, რომლის წინაშეც სახელმწიფო და მსოფლიო დგას". - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა: "ეს ნამდვილად ძალზე მეგობრული, ძალიან სასიკეთო და შინაარსიანი იყო".
კარინ ჟან-პიერის თქმით, შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
ამასთანავე, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრისას ბაიდენმა სცადა, ტრამპი დაერწმუნებინა, რომ უკრაინის დახმარება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კარგი იყო, რადგან ძლიერი და სტაბილურ ევროპა ამერიკას ომში ჩათრევას აარიდებს თავიდან.
თავის მხრივ, ტრამპმა გამოცემა New York Post-თან განაცხადა, რომ ბაიდენთან ერთად "ბევრი ისაუბრა ახლო აღმოსავლეთზე". "მსურდა, გამეგო, თუ რა შეხედულება აქვს იმაზე, სადაც ვართ". - ციტირებს გამოცემა ტრამპს: "და მან გამიზიარა [შეხედულებები], იგი ძალზე გულმოწყალე იყო".