ქართული ოცნება

რა თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა? – ბრალდებები და გამოხმაურებები

ქართული ოცნება

რა თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა? – ბრალდებები და გამოხმაურებები

რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი სამთავრობო მედია იმედზე გააკეთა. 

1-საათიან ინტერვიუში ღარიბაშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, თუმცა, ქართული ოცნების მესიჯბოქსი უცვლელია - რუსული კანონის მხარდამჭერი მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რუსთაველზე პროტესტის უკან კვლავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას, ახალგაზრდები "შეცდომილები" არიან, გირჩის ბიბლიური თავისუფლება "ანტიქართული ფენომენია", ხოლო იმ დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებიც ევროპული კურსიდან გადახვევაზე გვაფრთხილებენ, თავის თავს უნდა მიხედონ.   

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები 

ირაკლი ღარიბაშვილი, ისევე, როგორც ოცნების სხვა წარმომადგენლები, ამტკიცებს, რომ კანონის მიღების მიზანი "ეროვნული უსაფრთხოების დაცვა" იყო, თუმცა, ორგანიზატორების მიზანი, მისივე მტკიცებით, დესტაბილიზაცია იყო და "შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ", ამიტომ მის მიღებაზე უარი თქვეს. 

უცნობია, რა აქციას უყურებდა პრემიერი, თუმცა დღემდე მოსმენილი განცხადებებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ 7-8 მარტის აქციებზე რამდენიმე ახალგაზრდას "სატანისტების ფორმა" ეცვა. მისივე სიტყვებით, აქციის რამდენიმე მონაწილემ დაურეკა და ბოდიში მოუხადა.  

აქციების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ახსენეს ფრანკლინის კლუბი. აქციაზე, რომელზეც წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, სპეცრაზმელებმა კი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე არაერთხელ იძალადეს, პრემიერი "ძალადობის მოწყობას" ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას, გირჩსა და ფრანკლინის კლუბის "ანარქისტებს" აბრალებს.  

პრემიერმინისტრის აზრით, აქციებს ერთი მიზანი აქვს - არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა, მისივე მტკიცებით, ოპოზიციას არ სურს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ამ შემთხვევაში "ყველა ბრალდება ხელიდან გამოეცლებათ".   

ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ პოლიციელებზე ძალადობას არავის აპატიებენ და "ყველა დაისჯება". 

თავდაცვის კოდექსი 

საქართველოს მთავრობა თავდაცვის ახალ კოდექსზე მუშაობს, რაც ბოლო პერიოდში პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. "არა მონობას" - გირჩმა ამ სახელწოდებით 11 მარტს პარლამენტთან აქცია გამართა. 

სწორედ გირჩს სდებს ბრალს პრემიერმინისტრი "ანტიქართულ" ქცევაში და განმარტავს, რომ კანონზე მუშაობის დაწყების ერთ-ერთი მოტივაცია ბიბლიური თავისუფლების "გამოწვევის" დაძლევაც იყო. ღარიბაშვილის პრემიერი "მკრეხელური სიტყვის" გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდებს ჯარისგან თავის დასაღწევად "გასაბერი ეკლესიის" წევრობას სთავაზობენ.  

ოცნება დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ 

ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიცია გააგრძელა და დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა არც ამ ინტერვიუში დავიწყებია. კრიტიკის საპასუხოდ, პრემიერი ევროპარლამენტს "კორუფციაში გახვეულ" წარმომადგენლებზე მიუთითებს და ეუბნება, რომ სჯობს, თავის თავს მიხედონ. "ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?" - უკვირს ღარიბაშვილს.  

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელსაც, მისი აზრით, სურს, რომ "აქაც რაღაც მოხდეს". ისევე, როგორც ევროპარლამენტის წევრებს, ღარიბაშვილი მათაც ურჩევს, რომ თავის თავს მიხედონ. 

გამოხმაურება 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მოულოდნელი არც ოპოზიციისთვის იყო და არც იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც თავს დაესხა. "სატანისტების ფორმაზე" საუბარს სოციალურ ქსელში სიცილით შეხვდნენ და მიმებიც მიუძღვნეს. 

ღარიბაშვილის საპასუხოდ, რომელმაც აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს ექსტრემისტული ორგანიზაციების, ენმ-სა და "მისი სატელიტი პარტიების", მათ შორის ევროპული საქართველოს წევრები უწოდა, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმაცია, ნდობა, კონტაქტი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია და ბედნიერი იქნებოდა, აქციაზე მყოფი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული საქართველოს მხარდამჭერი რომ ყოფილიყო. 

გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ "ჩვეულებრივი, სტანდარტული რუსული ბოდვა" იყო - ჯაფარიძის თქმით, "სატანისტურ" ფორმებზე განცადებები რუსული პრაქტიკაა, როდესაც ოკუპანტები უკრაინის რომელიმე სოფელს იკავებენ, შემდეგ იქ გადაღებულ კადრებს ავრცელებენ, თითქოს ადგილობრივებს "სატანისტური კუთხეები" ჰქონდათ მოწყობილი.  

პრემიერის განცხადებას რეპრესიების დაანონსებად მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მთავრობას აფრთხილებს, აქციის მონაწილე არცერთ ახალგაზრდას თითი არ დაადონ.   

პრემიერს უპასუხეს საქართველოს უნივერსიტეტმა და ფრანკლინის კლუბმაც. საქართველოს უნივერსიტეტი წამოწყებული ცრუ კამპანიის გამო სამართლებრივ პროცედურებს იწყებს, ფრანკლინის კლუბი კი მოუწოდებს ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ წამყვანს, მიიწვიონ პირდაპირ ეთერში, სადაც მათ ნამდვილ შინაარსსა და საქმიანობაზე საუბარს შეძლებენ. 

ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "სკანდალში გახვეულ" 100 ევროპარლამენტარზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ საქართველოს პრემიერმინისტრს წყაროს ჩვენებას სთხოვს. ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი კი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი, მისგან განსხვავებით, ქართველ ხალხს არ იცნობს. უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას სიტყვებით, უკრაინას ესმის, თუ რა არის ომი და ამას ვერავის უსურვებს. მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილის უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება.  

"საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა" - ასე ეხმაურება უკრაინსი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ომში ჩართვის" სურვილსა და სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით.   

პრემიერს განცხადებები მოუწონეს სამთავრობო პროპაგანდისტმა ლალი მოროშკინამ და კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სალავიოვმა. მოროშკინა ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი "ქრისტიანი, ვაჟკაცი მხედართმთავარია", სალავიოვის აზრით კი ის "კაცია და კვერცხები აქვს". 

კომენტარები