რუსული კანონი

ბოკერია ღარიბაშვილს: არცერთ პარტიას აქვს ახალგაზრდების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმაცია, ნდობა

"უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ იქ [საპროტესტო აქციებზე] მყოფი ახალგაზრდების მთავარი მამოძრავებელი ძალის საგრძნობი ან მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილიყო, ან იყოს ჩემი პარტიის, ევროპული საქართველოს მხარდამჭერი" – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომელმაც აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს ექსტრემისტული ორგანიზაციების, ენმ-სა და მისი სატელიტი პარტიების, მათ შორის ევროპული საქართველოს წევრები უწოდა.

"სამწუხაროდ, ამ პროტესტმა გვაჩვენა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმაცია, ნდობა, კონტაქტი. ეს არის მთავარი, რაც უნდა დავინახოთ და ეს არის მოსაპოვებელი. ჩვენ ვნახეთ სრული მორალური უპირატესობა საზოგადოებისა, ვინც ამ რეჟიმის მავნებლურ ნაბიჯს წინ აღუდგა და იმისთვის, რომ ეს გარდაიქმნას პოლიტიკური ცვლილების ენერგიაში, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოიპოვონ ამ ადამიანების ნდობა. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში ახალგაზრდების, მაგრამ არამარტო. ასე რომ, რაც ბრძანა ამ სამარცხვინო პოლიტიკურმა არარაობამ, ეს, სამწუხაროდ, ასე არ არის – ნეტავ ასე იყოს ჩემი პარტიისთვის ან ზოგადად პოლიტიკური პარტიებისთვის". – თქვა ბოკერიამ.

12 მარტს იმედთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "მთავრობამ იცის, ვინ იყვნენ აქციაზე მყოფი ახალგაზრდები" და მათ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირებს გაუსვა ხაზი.

"ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს ევროპული საქართველო, გირჩი, ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ- ერთი საინტერესო, უკვე გამოიკვეთა მათი მონაწილეობა ე.წ ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები". – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები