ქართული ოცნება

"მაჩვენეთ წყარო" — კრამონი 100 ევროპარლამენტარზე ღარიბაშვილის ბრალდების საპასუხოდ

ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის 100 დეპუტატი "სკანდალშია გახვეული".

"საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაა, რომელიც ქართული ოცნების მოკავშირე პარტიაა. თუმცა, საინტერესოა სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყარო, თუ შეიძლება". - წერს კრამონი Twitter-ზე.

გუშინ, 13 მარტს ტვ იმედთან ინტერვიუში ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ჭკუის დარიგების ნაცვლად, "თავის თავს მიხედოს". 

"ჩვენ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით ლობისტები დაიქირავა და მათ საქმიანობაში მილიონი დოლარი გადაიხადა. მათ შორის, ევროპაშიც. ევროპარლამენტზე მაქვს საუბარი, თქვენ მათ რეზოლუციაზეც მკითხეთ. სჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს. კორუფციის სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?". - თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები