პარტია ლელო - საქართველოსთვის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა", თუმცა ბრძოლა გრძელდება.
ბრძოლა გრძელდება - საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა. ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა.
ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
ამ ეტაპზე - საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და გადაურჩა ამ მახინჯი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით მოსალოდნელ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს!
საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა რომ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.
ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა.
ბრძოლა გრძელდება პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებებით არჩევნების გზით ამ საოკუპაციო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთიანობა-შესაბამისად ლელო გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი დღეების მოვლენებმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, თუ გვსურს ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში.- აღნიშნულია განცხადებაში.
- რას ნიშნავს რუსული კანონის უპირობოდ გაწვევა?
-
დღეს აქცია იქნება, გვჭირდება მკაფიოობა და მეგობრების გათავისუფლების გარანტია – კობერიძე
დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.
"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.
ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.
საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.





