ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
"სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მიიღო წარმოებაში.
ორი თვის წინ მედიაომბუდსმენის გუნდთან ერთად სტრასბურგში გავაგზავნეთ 2023 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის პირველად მიღების დროს დაზარალებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე.
საქმის სახელია კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (Kokaia and Others v. Georgia).
ჟურნალისტების სახელით ვდავობთ ქვეყანაში მიმდინარე არაეფექტურ გამოძიებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევასა და ქვეყანაში უფლებების დაცვის ეფექტური საშუალებების არ ქონაზე.
ევროპულ სასამართლოში მალე დაიწყება კომუნიკაციის ეტაპი და შესაბამისად საქმის არსებითი განხილვა.
განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით პერიოდულად.
წარმატებები თავისუფლებისა და პროფესიის გადარჩენისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს!". - წერს მიგინეიშვილი.
საჩივარი სტრასბურგში 11 აგვისტოს გაიგზავნა.
"2023 წლის მარტში, კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და ოპერატორები სამიზნედ ე.წ. რუსული კანონის (კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ.
საჩივარში მითითებულია, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებები:
- სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
- სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).
2023 წლის მარტში, ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონის მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას." - წერდა მედიაომბუდსმენი.
საქმეში განმცხადებლები არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც 2023 წელს, სხვადასხვა მედიასაშუალებას წარმოადგენდნენ:
- ნიკოლოზ კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია "პირველი"
- მარი წაქაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა "პუბლიკა"
- მამუკა მგალობლიშვილი, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა "პუბლიკა"
- მაია თეთრაშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- ნიკა კოკაია, ოპერატორი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- მიხეილ გვაძაბია, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელები"
- რატი მუჯირი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- გურამ მაისურაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მთავარი"
- დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მთავარი"
- ზურაბი ჩხვირკია, ოპერატორი, ტელეკომპანია "მთავარი"
- ნიკა საჯაია, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- ჯამლეთ ბაკურიძე, ოპერატორი, ტელეკომპანია "ფორმულა“
- ირაკლი ბახტაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "მთავარი"
- სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება
- გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- დავით მანია, ჟურნალისტი/ოპერატორი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- ვახტანგ ქარელი, ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია "ფორმულა"
- თამარ გეგიძე, ჟურნალისტი, ონლაინ გამოცემა on.ge





