რუსული კანონი

რას ნიშნავს რუსული კანონის უპირობოდ გაწვევა?

ტაბულა

პროტესტის ზრდის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი გაიწვიაქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს, ხალხის ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს. 

რას ნიშნავს კანონის გაწვევა? 

რეგლამენტი არ ცნობს და არ განმარტავს ტერმინს - "კანონის გაწვევას", თუმცა, ცხადია, არსებობს მექანიზმები კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით. 

როგორც პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი და საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შესაჩერებლად ის თავადვე უნდა ჩააგდონ მეორე მოსმენაზე და მისი განხილვა აღარ დააყენონ კენჭისყრაზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება.

პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 112, 17

იურისტის, ლევან ალაფიშვილის თქმით, იმისათვის რომ ხელისუფლების განცხადება მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობად არ იქცეს, საჭიროა, მეორე მოსმენაზე თავად ჩააგდონ კანონი და ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი. 

"სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ". - წერს Facebook-ზე ალაფიშვილი.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პირველი მოსმენით მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე უარის თქმის მიზნით, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, 13 მარტის კვირაში კანონპროექტი გაიტანოს წამყვან (იურიდიულ) კომიტეტზე მეორე მოსმენით განსახილველად.

საის განმარტებით, პროცესის დაჩქარებისთვის, შესაძლებელია იმავე კვირაში, პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგენით, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს. კანონპროექტმა არ უნდა დააგროვოს მის მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა - დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არა ნაკლებ სრული შემადგენლობის 50-ისა.

რაც შეეხება კანონის ამერიკულთან მიმსგავსებულ ვერსიას, რომელიც ჯერ მხოლოდ კომიტეტების დონეზეა განხილული, კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციატორებს შეჩერების მოთხოვნის უფლება აქვთ.

კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს იგი პირველი მოსმენით მიღებამდე.

პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 101


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო და წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს

ხალხის პროტესტი დაასახელა "კანონის გაწვევის" მთავარ მიზეზად ქართულმა ოცნებამ, თუმცა, იქვე, აღნიშნა, რომ გააგრძელებს ხალხის კანონის საჭიროებაში დარწმუნებას. 

"ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები