უსული კანონი

დღეს აქცია იქნება, გვჭირდება მკაფიოობა და მეგობრების გათავისუფლების გარანტია – კობერიძე

კადრი ვიდეოდან/მთავარი

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სტუდენტების განცხადებით, დღეს, 9 მარტს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც გირჩი-მეტი თავისუფლებას ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, პროცესი არ შეჩერდება მანამ, სანამ საქართველო პროევროპულ კურსზე არ დადგება 

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ აქვს ნდობა, რომლებიც ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას: ერთი მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონი, იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი და, მეორე მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ჩვენ იქ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. ეს ხალხი არის დაჭერილი, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსული, თავისუფალი, ქართულ ოცნებას არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად. 

დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ვიამაყოთ ერთმანეთით, ჩვენი გაკეთებულით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგა ეს ნაბიჯი და, გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმისა, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო პროდასავლურ კურსსე გარანტირებულად არ დადგება, აქ არ შეწყდება პროცესები. ეს პროცესები რანაირი და როგორი იქნება, ეტაპ-ეტაპ გავიგებთ. ჩვენც მეტი კომუნიკაცია და საუბარი გვჭირდება, არ ვაპირებთ, რაღაცები მოვიტყუოთ და ვიბაქიბუქოთ, მთავარი არის ვიყოთ გულწრფელები, ვიცოდეთ, რას მივაღწიეთ და რა გვაქვს მისაღწევი". - თქვა ცოტნე კობერიძემ.  

დღეს, 9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ

"ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს "რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები