რუსული კანონი

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

რუსული კანონი

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს პირველი მოსმენით დაამტკიცა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონის ერთ-ერთი ვერსია.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მათ კანონპროექტებს დასავლური საფუძვლების მქონედ მიიჩნევენ და ერთ-ერთ მათგანს ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგს უწოდებენ, აშშ უარყოფს რომ ეს მისი კანონია და მის მიღებას "დემოკრატიის შავ დღედ" აცხადებს.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ქართული კანონი VS FARA

FARA – ანუ უცხოური აგენტების რეგისტრაციის ამერიკული აქტი უცხოური ინტერესების წარმომადგენელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საჯარო გამჟღავნების ვალდებულებას აკისრებს. ის ეხება დაქირავებულ სუბიექტებს, რომლებიც აშშ-ში ლობირებენ და ადვოკატირებას უწევენ უცხო ქვეყნების მთავრობების, ორგანიზაციების ან ინდივიდების ინტერესებს. ამგვარი სუბიექტები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ იუსტიციის დეპარტამენტში და საჯარო გახადონ მათი საქმიანობა, შემოსავლები და ხარჯები.

ამერიკული კანონი არ კრძალავს და ზღუდავს უცხოური ინტერესებისთვის ლობირებისთვის რაიმე სახის კონკრეტულ საქმიანობას – მისი მიზანი ამერიკულ პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ აზრსა და კანონმდებლობაზე უცხოური გავლენების გამჭვირვალობაა. აქტის თანახმად, უცხოურ ძალად ითვლება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, ინდივიდი ან ორგანიზაცია.

აქტი თავდაპირველად 1938 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად ამოქმედდა და დივერსიული საქმიანობის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. 1966 წლიდან მისი აღსრულების ნაწილი ძირითად გადასულია სამოქალაქო ჯარიმების დაწესებასა და რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვის ვალდებულების უზრუნველყოფაზე.

თავდაპირველი რედაქციის ფორმირების შემდეგ დღეს უცხოურ აგენტებზე ამერიკული აქტის აქცენტი პროპაგანდიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკურ ლობირებაზეა გადატანილი. განსხვავებით რუსული, უნგრული ან ქართული კანონებისგან ამერიკულ აქტში უცხოური გავლენის აგენტობა არ არის მიბმული შემოსავლების რაოდენობაზე და აქ მტკიცების ტვირთი მთავრობაზეა – სადავო შემთხვევებში სუბიექტს ვერ შეიყვანენ FARA-ს მონაცემთა ბაზაში, თუ არ დაამტკიცებენ, რომ ისინი უცხოური სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის ბრძანებით ან ხელმძღვანელობით მოქმედებენ.

ამ გზით კანონი რეალურად უზრუნველყოფს როგორც რეალურად ნეგატიური უცხოური გავლენების ეფექტის შემცირებას, ისე პერსონალური მონაცემების დაცვასა და კომერციულ სექტორში სახელმწიფოს ჩაურევლობას.

აშშ-ში FARA-ს განზრახ დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 5 წლის ვადით, ან ჯარიმა $250 000-მდე. ზოგიერთი დარღვევა განიხილება მცირე გადაცდომად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 6 თვისა, ან ჯარიმით არაუმეტეს $5 000.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკული აქტი საქართველოს პარლამენტში დასარეგისტრირებლად მართლაც გადმოთარგმნეს, თუმცა მის ინიცირებაში არ არის გათვალისწინებული ორი ქვეყნის სრულიად განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი. მათ შორის, ხალხის ძალის კანონპროექტში საუბარი არ არის არც პროცესში მთავრობის მტკიცების ტვირთზე.

ამასთან, ქართულ თარგმანში გამოტოვებულია FARA-ს 613-ე პარაგრაფის "f" პუნქტი, რომელის თანახმადაც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები უცხოურ აგენტად რეგისტრაციის გამონაკლისები არიან. ამ პუნქტის გამოტოვება ძირეულად ცვლის გამონაკლისების შესახებ მუხლის მნიშვნელობას, ვინაიდან საქართველოსთვის თითოეული დასავლელი პარტნიორი ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების გარანტორია.

იმის გამო, რომ აშშ-ში აქტის გარდაქმნამ მთავრობას მტკიცების ტვირთი დაუმძიმა, ბოლო წლებში კანონის ფარგლებში წარმოებული საქმეების ჩამონათვალი არც ისე გრძელია. აქტი განსაკუთრებით გააქტიურდა 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც პროცესში რუსეთ-ჩინეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ბრალდებებს მოჰყვა. დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არაა შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული RT და სხვა. აშშ-ში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ სახელმწიფო მათ არ სთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად. FARA-ში დარეგისტრირებულთა მხოლოდ 5%-ია არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად უცხოური პოლიტიკური პარტიების ნაწილებს წარმოადგენენ.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ განსხვავებებით მყიფე სასამართლო სისტემის მქონე საქართველოსგან, აშშ-ში პრეცედენტული ტრადიციის მქონე მოსამართლეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ და ამით მკაცრად გაწერილ წესებზე მაღლა აყენებენ კონკრეტული სიტუაციის სამართლიან და სწორ განსჯას.

რუსული კანონი

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები უცხოური გავლენების აგენტების რუსულ კანონზე არ საუბრობენ და განმარტებით ბარათშიც მხოლოდ დასავლურ ანალოგებს უსვამენ ხაზს, კანონის სახელის ხსენებისას მოქალაქეთა უმრავლესობას სწორედ ოკუპანტი მეზობლის მიერ 10 წლის წინ მიღებული კანონი და იქვე დამკვიდრებული ტერმინი – "უცხოელი აგენტი" გაახსენდა.

2012 წელს რუსეთში ამ კანონის მიღება რეპრესიული კანონმდებლობის სერიის დაწყებად მიიჩნეოდა, რომელიც მიემართებოდა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, აქტივისტებს, მედიასა და მთავრობასთან დაპირისპირებულ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ სუბიექტებს. წლების განმავლობაში უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ მკაცრდება. დღეს რუსეთში ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად კრიტერიუმებისა.

თავდაპირველად უცხოურ აგენტებზე რუსული კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა, შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ და მათი საქმიანობისა თუ ხარჯების შესახებ წლიური ანგარიში წარედგინათ. 2017 წელს კანონში მედიის შესახებ ცვლილებები შევიდა და აგენტის სტატუსი მიენიჭათ ამერიკის ხმას, რადიო თავისუფლებასა და სხვა დასავლურ გამოცემებს. 2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მედია ცალკეულ პირებთან გაათანაბრა და უცხოური აგენტების რეესტრში შეყვანას დაექვემდებარნენ მედია-კონტენტის შემქმნელი პირები – მათ შორის, სოციალურ ქსელში ინფორმაციის აქტიურად გამავრცელებელი მოქალაქეებიც. 

2020 წლიდან კანონი გავრცელდა იმ ინდივიდებზე, რომელთა საქმიანობა რამენაირად პოლიტიკას უკავშირდება და იღებდნენ დახმარებას საზღვარგარეთიდან (არა მხოლოდ ფინანსურს); ამავე წლიდან მედიები დაავალდებულეს, რომ ნებისმიერ გამოქვეყნებულ მასალაზე დატანილიყო წარწერა, რომ “შექმნილია უცხოური აგენტის მიერ”, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მაღალი ფინანსური სანქციები უწესდებათ. 2021 წლიდან აქტიურად დაიწყო რეესტრში მედიებისა და ჟურნალისტების შეყვანა – უცხოური აგენტის სტატუსი მიენიჭა თითქმის ყველა დამოუკიდებელ მედიას, ცალკეულ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებსა და პოლიტიკოსებს. ამავე წლის ბოლოს სწორედ უცხოური აგენტების შესახებ კანონის დარღვევაში დადანაშაულების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ უფლებადამცველი ორგანიზაცია მემორიალი დახურა.

2022 წელს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც, მისი თქმით, "აზოგადებს, აზუსტებს და ავსებს არსებულ კანონმდებლობას". ცვლილებების დოკუმენტმა დაუშვა, რომ "უცხოურ აგენტად" გამოცხადდეს ყველა, ვინც იღებს მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან, ან იმყოფება "უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმებით", თუნდაც არ იღებდეს დაფინანსებას. გარდა ამისა, კანონში შემოვიდა ცნება "უცხოურ აგენტებთან აფილირებული პირები", რომელმაც კანონის მოქმედების არეალში ოჯახის წევრებიც შემოიყვანა.

რუსული კანონით უცხოური აგენტების მიერ დარღვეული კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 1 მილიონ რუბლამდე სხვადასხვა კალიბრის “აგენტისა” და მოქმედებისთვის, თუმცა, გარდა ამისა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთში უცხოურ აგენტად რეგისტრირება შუბლზე სამიზნის დახატვის ტოლფასია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს 73 რუსული ორგანიზაციის საქმეზე დაადგინა, რომ უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო ხელისუფლებას ორგანიზაციებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

"სასამართლო სრულად დაეთანხმა მომჩივან ორგანიზაციებს, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ არა მხოლოდ არაპროგნოზირებადია, არამედ აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების კანონიერ მუშაობას". - აცხადებდა ერთ-ერთი მომჩივანი ორგანიზაცია, Agora სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

საგულისხმოა, რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რუსული ანალოგის მსგავსი ეტაპების გავლა არ მოუწევს, რადგან ის უკვე ითვალისწინებს მუხლებს ყველა სახის მედიისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ.

აგენტების კანონი უნგრეთში

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან რუსეთთან ყველაზე მძლავრი კავშირების მქონე უნგრეთმა საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონი 2017 წელს მიიღო. კანონი პარლამენტს ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტიამ, Fidesz-მა წარუდგინა.

მიღებული კანონი ორგანიზაციებს, რომლებიც ყოველწლიურად უცხოური წყაროებიდან იღებენ მინიმუმ 7.2 მილიონ ფორინტს (დაახლოებით 22 000$), ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია და ყოველწლიურად წარადგინონ ინფორმაცია მათი დაფინანსებისა და ხარჯების შესახებ. ამასთან, რუსეთის მსგავსად ისინი ვალდებულები არიან, რომ ყველა პუბლიკაციაზე მიუთითონ – "შექმნილია ორგანიზაციის მიერ, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას".

იმის გამო, რომ უნგრეთის მთავრობა ორგანიზაციებს ადანაშაულებდა არა ეროვნული ხელისუფლების, არამედ დასავლური ორგანიზაციების მიმართ ანგარიშვალდებულებაში, კანონი უხეშად ჩაერია NGO-ების გამოხატვის თავისუფლებაში და საქმიანობის სპეციფიკის ჩამოყალიბებაში. ამასთან, კანონი არღვევს კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, რადგან ის დონორებს ავალდებულებს,  გაასაჯაროონ მათი მონაცემები.

კანონი განასხვავებს არასამთავრობო და სხვა კომერციულ ორგანიზაციებს მათ მიერ მიღებული რესურსების მიხედვით, რაც სექტორულ დისკრიმინაციას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრულ კანონში ტერმინი "უცხოური აგენტი" არ არის გამოყენებული, ის უმეტეს შემთხვევაში შინაარსით, ხოლო ზოგ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით მიჰყვება რუსულ ანალოგს.

2017 წელს, კანონის მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვენეციის კომისიამ უნგრული კანონი უარყოფითად შეაფასა. კომისია წერდა, რომ კანონი შექმნიდა სამოქალაქო ორგანიზაციის სტიგმატიზაციის რისკს, უარყოფითად იმოქმედებდა მათ კანონიერ საქმიანობაზე და საფრთხეს შეუქმნიდა გამოხატვის თავისუფლებას.

"ვენეციის კომისია აღიარებს, რომ უცხოური მხარდაჭერის მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ საზოგადოების კანონპროექტის მიზანი განმარტებულია, როგორც ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული არასათანადო საგარეო პოლიტიკური გავლენა. კანონპროექტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას. თუმცა, ეს ლეგიტიმური მიზნები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბაბი, რათა გააკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციები ან შეზღუდონ მათი ლეგიტიმური მუშაობის უნარი. ეს ეფექტი სცილდება გამჭვირვალობის ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც, სავარაუდოდ, განსახილველი კანონის ერთადერთი მიზანია". – წერდა ვენეციის კომისია.

შეფასების შემდეგ კანონში შეტანილი რამდენიმე ცვლილების შემდეგაც Human Rights Watch-ი წერდა, რომ მასში ვენეციის კომისიის ძირითადი შეფასება გათვალისწინებული არ იყო.

კრიტიკის ფონზე ევროკომისიამ 2017 წელსვე კანონი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ გადაწყვეტილება 2020 წელს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ უნგრეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამება.

სასამართლომ უნგრული კანონით დაწესებულ შეზღუდვებს დისკრიმინაციული და გაუმართლებელი უწოდა. მან ასევე უარყო უნგრეთის მიერ კანონის გამამართლებლად მოყვანილი არგუმენტებიც.

სასამართლოს დასკვნით, კანონი განურჩევლად ეხება უცხოეთიდან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას, "ნაცვლად იმისა, რომ გამიზნული იყოს ისეთებზე, ვისაც რეალურად ექნებათ მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე".

ავსტრალიისა და ისრაელის კანონები

უცხოური გავლენების შესახებ კანონის განმარტებით ბარათში ამერიკულ ანალოგთან ერთად ავსტრალიისა და ისრაელის მიერ მიღებულ მსგავსი კანონებიც მოჰყავთ მაგალითად. საგულისხმოა, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონი ისევე არ ჰგავს ავსტრალიურ ანალოგს, ხოლო ისრაელის ქნესეთის მიერ მიღებულ კანონთან მიმსგავსებას პოზიტიური ეფექტი ნამდვილად არ აქვს.

უცხოური გავლენების გამჭვირვალობის სქემის აქტი (FITSA) ავსტრალიაში 2018 წელს ამოქმედდა. ის სრულად ეფუძნება ამერიკულ FARA-ს და შექმნილია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

2016 წელს ისრაელში მიღებული უცხოური გავლენების მარეგულირებელი კანონი ორიენტირებულია არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებსაც უცხოური ქვეყნები ან ორგანიზაციები აფინანსებენ და ისრაელში შესაბამის ინტერესებს ლობირებენ. არაკომერციულმა ორგანიზაციამ უნდა გაამჟღავნოს ნებისმიერი უცხოური შემოწირულობის მიზანი და დაფინანსებასთან დაკავშირებული პირობები.

კანონი ისრაელში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების მინიმუმ 50%-ს უცხოური სამთავრობო ორგანიზაციებიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში და სტატუსი მიუთითონ როგორც ოფიციალურ წერილებში, ისე პუბლიკაციებში. ისრაელში დარეგისტრირების ვალდებულება არ აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას კერძო ადგილობრივი ან საერთაშორისო წყაროებიდან იღებს.

ვისი მიჩნევა სურს ოცნებას უცხოური გავლენის აგენტად მეორე კანონპროექტით?

ხალხის ძალის მიერ თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში შეყვანას ძირითადად დაექვემდებარება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსვლის 20%-ზე მეტის წყარო “უცხოური ძალაა”. კანონის პროექტში გამონაკლისის სახით არის შეტანილი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, მათ შორის სპორტული ფედერაციები და სისხლის დაწესებულებები.

ამასთან, კანონპროექტი დაწვრილებით განსაზღვრავს კრიტერიუმებს უცხოური გავლენის აგენტად მედიების რეგისტრაციისთვისაც. ინიციატორებს სურთ, რომ აგენტად მოიხსენიებოდეს:

  • სატელევიზიო მაუწყებელი, რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა რეკლამებიდან მიღებული შემოსვლასია).
  • იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა რეკლამებიდან მიღებული შემოსვლასია).
  • იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გარდა რეკლამებიდან მიღებული შემოსავლისა).

დეპუტატები ასევე განმარტავენ, თუ ვის ან რას მიიჩნევენ "უცხოურ ძალად". მათი აზრით, აგენტების შესახებ კანონის მიზნებისთვის "უცხოურ ძალად" შესაძლოა აღიქმებოდეს საქართველოს გარდა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე; უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; საქართველოს იურისდიქციის გარეთ დაფუძნებული იურიდიული პირი და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებისთვის იუსტიციის სამინისტროსთვის მიმართვის პასუხისმგებლობა თავად ეკისრებათ. ეს სერვისი უფასო იქნება, ხოლო რეესტრში ასახული ინფორმაცია – საჯარო.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებული იქნება, ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან უნდა ასახოს:

  • წინა წლის მდგომარეობით არსებული ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
  • ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

სააგენტო ვალდებული იქნება, მისთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.

ივანიშვილმა რუსულ კანონპროექტში დასმენის მექანიზმიც ჩადო. უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა -  მონიტორინგი, რისი საფუძველიც შეიძლება იყოს:

  • ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა  გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. წარდგენისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო სუბიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება, მათი 1 თვის შემდეგ გამეორება 20 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. კანონპროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.


უცხოური აგენტების შესახებ რუსული და მასთან მიმსგავსებული კანონები ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობენ ამ ქვეყნებში პოლიტიკოსები, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და იპოვონ განტევების ვაცები. მათი მიზნები ცხადია – ხელოვნურად შექმნან ნაციონალისტური განცდები უცხოური პარტნიორების ბოროტების წყაროდ წარმოჩენით და ეს განცდები სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებების შესაზღუდად და საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად გამოიყენონ.

კანონპროექტში გათვალისწინებულ, ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე მარტივად მორგებადი კრიტერიუმების, მასში სახელმწიფოს მტკიცების ტვირთის არარსებობისა და ივანიშვილის დეპუტატების ანტიდასავლურ რიტორიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი სწორედ რუსული კანონის შექმნის მიზეზებსა და მიზნებს იზიარებს. ამას თან ერთვის ამ ინიციატივის მიმართ ქართული ოცნების სრული მხარდაჭერა და ამერიკული კანონის პირდაპირ გადმოთარგმნის ბუნდოვანი ინიციატივაც, რომელიც საბოლოო ჯამში მხარდაჭერილი არ იქნება და მხოლოდ საზოგადოების კრიტიკის გადაფარვას ემსახურება

კომენტარები